საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სრულწლოვანი ბრალდებულებისთვის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას ითხოვს. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 31 ივლისსაა ჩანიშნული.

გადავადების მიზეზად პროკურატურა სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისთვის ექსპერტიზების დასრულებას, ინფორმაციის ანალიზსა და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ასახელებს.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. 17 დაკავებულიდან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს არ გამორიცხავს მომავალში მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალის წარდგენას.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

ამავე თემაზე: