გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ვერ მოხერხდა, რადგან მათ ყინული არ აქვთ. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ იმასვიზამთო და თან ყინული არ აქვთ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ოჯახმა ყინული უკვე იშოვა და გადმოსვენება ხვალ დილით გახდება შესაძლებელი. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, სირცხვილია, როცა დიდი ფინანსების მქონდე დაწესებულებას, ყინული არ აქვს.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ პოლიციამ სათანადოდ არ იმუშავა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია ზეგ-ში დღეს შსს შევიდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.