ჩინეთმა მარსზე თავისი პირველი რობოტი გაუშვა — ექვსი ბორბლის მქონე, დამცავ კაფსულაში მოთავსებულმა რობოტმა დედამიწა Long March 5 რაკეტით ხაინანის კუნძულიდან ადგილობრივი დროით 12:40 წუთზე დატოვა.

როვერი წითელი პლანეტის ორბიტას თებერვალში მიუახლოვდება. რობოტი, სახელად Tianwen-1, მომავალი ორი ან სამი თვის განმავლობაში პლანეტის ზედაპირზე დაშვებას არც ეცდება.

ეს დალოდების სტრატეგია 1970-იან წლებში პროგრამა ვიკინგის დროს წარმატებით გამოიყენეს. ეს ინჟინრებს საშუალებას მისცემს, დაშვებამდე მარსის ატმოსფერო კარგად შეაფასონ.

ორშაბათს არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა წითელ პლანეტაზე თანამგზავრი Hope გაუშვეს. ერთ კვირაში კი NASA ახალი თაობის როვერის, Perseverance-ის გაშვებას გეგმავს.

Tianwen-1 მარსის ეკვატორიდან ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ აუზში ჩაეშვება. როვერის მიზანს რეგიონის გეოლოგიის შესწავლა წარმოადგენს.

Tianwen NASA-ს 2000-იანი წლების როვერებს, Spirit-სა და Opportunity-ის საკმაოდ ჰგავს, იგი 240 კილოგრამს იწონის და ენერგიას მზის პანელების მეშვეობით იღებს.

მისი გრძელი ანძა ნავიგაციისთვისა და ფოტოების გადასაღებად კამერებითაა აღჭურვილი. დამატებითი ხუთი ინსტრუმენტი კი მარსის ქვების მინერალების შესწავლისთვისა და წყლის ყინულების საძებნადაა განკუთვნილი.

მარსის ზედაპირის შესწავლა მისიის ნახევარს წარმოადგენს, რადგან, ამასთან, კაფსულა, სადაც როვერია მოთავსებული, პლანეტას ორბიტიდან დააკვირდება. იგი შვიდი განსხვავებული ინსტრუმენტითაა აღჭურვილი.

წითელი პლანეტის შესწავლის ისტორიული სტატისტიკა კარგადაა ცნობილი: მათი ნახევარი ჩაფლავდა. თუნდაც ჩინეთისვე პირველმა მცდელობამ, რომ თანამგზავრი Yinghuo-1 გაეშვათ, დედამიწის ორბიტაზე ყოფნის დროს — როდესაც მისი რუსული გადამზიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა და წყნარ ოკეანეში ჩაეშვა — მარცხი განიცადა.

ჯერჯერობით, მარსზე ხანგრძლივი ოპერაციების განხორციელება მხოლოდ ამერიკელებმა მოახერხეს. ჩინეთს — მთვარის როვერის, Chang'e Yutu-ს წარმატების გამო, რომელიც მთვარის შორეულ მხარეს დაეშვა — შეუძლია, ამ მისიის დროს მეტად თავდაჯერებული იყოს.

Tianwen-1 საკუთარი თავის შესანელებლად და ზედაპირზე გასაჩერებლად კაფსულის, პარაშუტისა და რაკეტის კომბინაციას დაიხმარს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, დამშვები მექანიზმი ბაქანს გაშლის, რათა როვერმა მარსის ზედაპირზე გადაადგილება დაიწყოს.