გასულ წელს ფილიპ პულმანის ცნობილი ფენტეზის ჟანრის ტრილოგიის მიხედვით HBO-მ ახალი სატელევიზიო ეკრანიზაცია His Dark Materials გადაიღო და ერთი წლის შემდეგ სერიალის მეორე სეზონსაც ვიხილავთ.

ახალი სეზონის პირველი ტრეილერის პრემიერა რამდენიმე საათის წინ შედგა და მაყურებლების მთავარი აღმოჩენა მასში Fleabag-ის ვარსკვლავის, ენდრიუ სკოტის მონაწილეობა გახდა. თანაც მხოლოდ ეს არ არის: ენდრიუ სკოტი პერსონაჟ ჯონ პერის როლს ასრულებს, ამ პერსონაჟის დაემონს კი Fleabag-ის შემოქმედი ფიბი უოლერ-ბრიჯი გაახმოვანებს.

ვინც ამ შოუს პირველი სეზონი უკვე ნახა, იცის, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში ადამიანებს ცხოველის ფორმის დაემონები ჰყავთ, რომლებიც მათი სულის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ენდრიუ სკოტი და ფიბი-უოლერ ბრიჯი ამ შოუშიც ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებული.

ვისაც ფლიბეგიც უნახავს, ახსოვს, რომ სერიალში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მელას, რის გამოც ფანები იმედოვნებენ, რომ His Dark Materials-ში ენდრიუ სკოტის პერსონაჟის დაემონს, რომელსაც ფიბი უოლერ-ბრიჯი ახმოვანებს, მელიას ფორმა ექნება.

ფოტო: Giphy

ფლიბეგთან კავშირის გარდა ახალმა ტრეილერმა სხვა საინტერესო დეტალებიც გაგვიმხილა: მას შემდეგ, რაც მთავარ გმირ ლაირას მამამ უღალატა, ის სრულიად ახალ სამყაროში აღმოჩნდება და მისი თავგადასავალიც კიდევ უფრო დაძაბული და მასშტაბური გახდება.

მეორე სეზონი ფილიპ პულმანის ტრილოგიის მეორე წიგნის განუყრელი დანის მიხედვით გადაიღეს, რომელშიც ლაირასთან ერთად უკეთესად გავიცნობთ ახალ გმირს უილს, რომლის ისტორიაც გასულ სეზონში მხოლოდ ეპიზოდურად ვიხილეთ.

ახალი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მას ამ წლის შემოდგომაზე ვიხილავთ.