კომუნა მზესუმზირა შრომის ინსპექციას პასუხობს და ამბობს, რომ უწყებამ "უტიფრად მოიტყუა", რათა თავიდან აერიდებინა პასუხიმგებლობა უკანონოდ დაწერილ ჯარიმებზე.

მზესუმზირა აცხადებს, რომ შრომის ინსპექციას მათთვის არ მოუთხოვია არც სტაფის ინსტრუქტაჟის ჩატარების ოქმი, არც დეზინფექციის ჩატარების პროცედურების დადასტურება. მათივე თქმით, ღონისძიებამდე ინსპექციაში უთხრეს, რომ თუ ტერიტორიის კვადრატულობის პრინციპს დაიცავდნენ, 2-მეტრიან დისტანციის დაუცველობაზე არ მოედავებოდნენ:

"შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და სადაც წარმოგვიდგინეს ახალი, ვითომდა შემსუბუქებული რეგულაციები, იყო პუნქტი, რომელიც გულისხმობა მომხმარებელების ორი მეტრის დისტანციით ივენთზე დაშვებას.

ამ ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი შეხვედრაზე აფიქსირებდა, რომ ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დისტანციის სრულად დაცვა, ივენთის მიმდინარეობისას, ყოველ წუთას ვერ მოხდებოდა, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ თუ ტერიტორიის კვადრატულობასა და ადამიანების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი იქნებოდა დაცული, კონკრეტულად იმაზე, რომ ყველგან ვერ იქნებოდა დაცული 2-მეტრიანი დისტანცია, არავინ მოგვედავებოდა. [...] მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მაისის თვიდან დაწყებული, იმართება ყოველკვირეულად. სამწუხაროდ, შრომის ინსპექციას მხოლოდ ახლა გაახსენდა თავისი "ფუნქცია" და დაიწყო ჯარიმების გამოწერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან".

მზესუმზირა აცხადებს, რომ რეგულაციების დასაცავად მათ ტერიტორიის შესაბამისი აღჭურვა და ღონისძიებისთვის მომზადება კომპანია Geosafty-ს დაავალეს, რომელმაც დაამონტაჟა:

  • ხელის დისპენსერები';
  • დეზობარიერები;
  • სპეციალური ნაგვის ყუთები;
  • სპეციალური ამომცნობი და საინფორმაციო ნიშნები;
  • გააკეთა ტერიტორიის სრული დეზინფექცია ივენთის დაწყებამდე;
  • ივენთზე მომუშავე სტაფს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ვირუსის შესახებ;
  • სრული ეკიპირებით აღჭურვილი იყო სტაფი ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, ბარი, კარის რიგები, დაცვა და ა.შ

მზესუმზირას განცხადებას თან ერთვის ფოტოები და წერილობითი მასალა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 23 ივლისს იმ დარღვევებზე გაავრცეკა განცხადება, რაც მათი თქმით, კლუბებში გამოავლინეს. უწყების ცნობით, ობიექტების გადამოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები, კერძოდ:

"ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა; მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით; ასევე, ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრას ჰქონდა ადგილი".

17 ივლისის ჩატარებული ღონისძიების გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს კომუნა მზესუმზირა. როგორც ისინი ამბობენ, მათ შემთხვევაშიც მიზეზი ელექტრონული მუსიკაა.