გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი ისევ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ.

ბრალდებულები არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშშვილის განმარტებით, პატიმრობა მოითხოვეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

"მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს. უამრავი გარემოებაა, რომელიც საფუძველი გახდა აღკვეთის ღონსიძიების გამოყენების ეტაპზე და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საფუძველი არსებობს", — განაცხადა მან.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეს კვალიფიკაცია დაემატა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.