რაჭაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, ასევე დაზიანებულია ხიდები. როგორც რაჭის გუბერნატორმა On.ge-ს განუცხადა, სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

"12 სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი, ელექტროენერია არ მიეწოდება სოფლებს, 2000 მოსახლეა დაახლოებით მორჩენილი, ოპერატიული და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ სტიქიის ადგილზე. დავიწყეთ შემოვილითი გზების გაკეთება, ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის სერიოზული დაზიანებიბი და რამდენიმე დღეში მოხერხდება აღდგენა, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან", — ამბობს არჩილ ჯაფარიძე.

ფოტო: დიტო ჩიხრაძე

ფოტო: დიტო ჩიხრაძე

ფოტო: დიტო ჩიხრაძე

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ: პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მათთან ერთად პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.