სტივენ კინგის რომან მიზერიში ფანატიკოსი მკითხველის, ენი უილკსის, პერსონაჟია შექმნილი. წიგნის დასასრული, სადაც მის საყვარელ პერსონაჟს, მიზერი ჩესტეინს, კლავენ, იმდენად აღაშფოთებს უილკსს, რომ იგი ნაწარმოების ავტორს, პოლ შელდონს, შინაპატიმრობაში მოაქცევს და ნელ-ნელა აჭრის სხეულის ნაწილებს, რათა მისთვის სასურველი ამბავი დააწერინოს.

პატრიკ როტფუსის წარუმატებელი მცდელობა, დროულად დაესრულებინა მუშაობა მეფის მკვლელის ქრონიკის მესამე წიგნზე, ქვის კარებზე, ლამის უილკსისნაირი აღშფოთების გამომწვევია სერიის მკითხველებში. როგორც ეს BookRiot-ზე ჩანს, როტფუსზე, რომელმაც სერიის მეორე ნაწილი 2011 წელს გამოაქვეყნა, მკითხველები იმდენად არიან განაწყენებულნი, რომ ხალხს მოუწოდებენ, საერთოდ არ დაიწყონ ამ წიგნების კითხვა. დანარჩენ მკითხველებს კი ურჩევენ, წიგნის გამოსვლის შემდეგ მისი არალეგალური ფაილი ჩამოტვირთონ, რათა მწერალმა ფული არ მიიღოს. მათ წერილებში წერია, რომ "ფენტეზის ავტორები ის დემონები არიან, რომლებიც დედამიწას სულების გასანადგურებლად და გაგრძელებების მომლოდინე მკითხველებისგან სიცოცხლის გამოსაწოვად მოევლინნენ".

პატრიკ როტფუსის შვილი და "მეფის მკვლელის ქრონიკის" მეორე წიგნის, "ბრძენკაცის შიშის" ამობეჭდილი ტექსტი.

პატრიკ როტფუსის შვილი და "მეფის მკვლელის ქრონიკის" მეორე წიგნის, "ბრძენკაცის შიშის" ამობეჭდილი ტექსტი.

ფოტო: Patrick Rothfuss Blog

ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა გულშემატკივრები ფენტეზის ჟანრის ავტორზე არიან გაჯავრებულნი. 2009 წელს ნილ გეიმანმა მკითხველებს მიმართა, რომ "მწერლები და ხელოვანები მანქანები არ არიან" და ჯორჯ მარტინი "თქვენი კახპა არაა", რათა თქვენი სურვილებისამებრ წეროსო. იმ დროს მარტინი უკვე წლები იყო ყინულის და ცეცხლის სიმღერის სერიის მეხუთე წიგნზე, დრაკონებთან ცეკვაზე, მუშაობდა, რომლის დასასრულებლადაც კიდევ ორი წელი დასჭირდა. დღეს ზუსტად იგივე ხდება — 29 ივლისს ჯორჯ მარტინს მეექვსე წიგნის, ზამთრის ქარების, დასასრულებლად საკუთარი თავისთვის ერთი წლის წინ მიცემული დრო ამოეწურა. როგორც მაშინ მან აღნიშნა, თუ ამ დედლაინს ვერ დაიცავდა, საკუთარ გულშემატკივრებს ნებას მისცემდა, იგი დაეპატიმრებინათ და "თეთრ კუნძულზე, მომცრო ქოხში ჩაეკეტათ, სადაც მხოლოდ გოგირდმჟავიან ტბაზე ექნებოდა ხედი". გაგიკვირდებათ და ზამთრის ქარები არათუ წიგნის მაღაზიებში არ ჩანს, ჯერ წინასწარ შეკვეთისთვისაც კი არაა ხელმისაწვდომი. ამის გამო მკითხველებში უკვე გაისმა მოწოდებები სამართლის აღსრულებისათვის.

ჯორჯ მარტინი სერიალ Game Of Thrones-ის მსახიობებთან ერთად 2009 წელს

ფოტო: Adam Whitehead

ამჯერად ბრაზის ქარცეცხლში მოქცეულ როტფუსს საკუთარმა რედაქტორმაც არ დააკლო კრიტიკა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში, რომლებიც მოგვიანებით წაშალა, ბეტსი უოლჰაიმი ამბობს, რომ საკმარისად ითმინა, რადგან "როცა ავტორები ახალს არაფერს ქმნიან, ეს, უბრალოდ, დიდ დარტყმას აყენებს გამომცემლებს". პოსტში იგი ასევე ხაზს უსვამდა, რომ როტფუსს "ექვსი წელია, საერთოდ არაფერი დაუწერია".

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ნამდვილად არაა სასიამოვნო, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამხელა ზეწოლა ავტორს უფრო მალე დაამთავრებინებს წიგნს. როგორც ეს BookRiot-ზე არის აღნიშნული, ინტერნეტსივრცეში შექმნილი ეს გარემო "გამოხატვის და დისკუსიის ნამდვილად საშინელ ფორმას იძენს".

ბრენდონ სანდერსონი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წიგნებითაა ცნობილი, არამედ რობერტ ჯორდანის საქვეყნოდ პოპულარული სერიის, დროის ბორბალის, დასრულების გამოც, ამბობს, რომ იგი ხშირად იღებს იმეილს მკითხველებისგან იმაზე, "თუ როგორ არ უნდა გაეკეთებინა რაღაც, როგორ უნდა მოესმინა მათთვის და გაეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ". როგორც სანდერსონი აღნიშნავს, ამგვარ წერილებს არ პასუხობს, რადგან "ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა მწერლისთვის, ან თუნდაც მკითხველისთვის".

"ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, უთხრა: მესმის, რომ შენ შენებური ხედვა გაქვს და მგონია, დროა, დაჯდე და თავად წერო საკუთარი წიგნები", — დასძენს სანდერსონი.

ცოტა ხანში ამ ყველაფერზე გეიმანის პასუხიც მოვისმინეთ. თუკი მარტინის ან როტფუსის სერიების გაგრძელებას მოუთმენლად ელოდებით, "მოითმინეთ", — ამბობს ის, — "წაიკითხეთ წინა წიგნები თავიდან. წაიკითხეთ სხვა რამე. დაკავდით რაღაცით. და იმედი გქონდეთ, რომ ამ დროს ავტორი თქვენს სასურველ წიგნს წერს და არ კვდება, ან რამე ასეთი დრამატული არ ხდება".