პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიორგი რურუას არ შეიწყალებს.

"ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ვუპასუხებ და მეორედ არ გავიმეორებ, მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ, ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას, ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას ", — თქვა მან

მან ასევე გაიხსენა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქროაშვილის შეწყალებები. ზურაბიშვილის თქმით, შესაძლოა საზოგადოებისთვის ეს გაუგებარი იყო, თუმცა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

"საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები გადაწყვეტილება მივიღე და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ, მათი პრეტენზიის მიუხედავად, არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე ისე, როგორც დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე პირადად ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტი პრემიერმინისტრ გახარიას შეხვდა.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 30 ივლისს 4 წელი მიუსაჯა. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და იარაღი ჩაუდეს. მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ.