პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში ჩინური აპლიკაცია TikTok აიკრძალება. ის ამ გადაწყვეტილებას პირადი ინფორმაციის დაცვის სურვილით ხსნის.

"რაც შეეხება TikTok-ს, ჩვენ მას ვკრძალავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში... დოკუმენტს ხელს ხვალ მოვაწერ", — უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა გუშინ, 31 ივლისს.

TikTok-ის აკრძალვა ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო ნაბიჯი იქნება გლობალური ტექნოლოგიების კუთხით ჩინეთის გავლენების შეზღუდვის მიმართულებით.

TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ბოლო მონაცემებით, ის 2 მილიარდზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, კონკრეტულად აშშ-ში კი 165 მილიონჯერ.

აპლიკაცია კომპანია ByteDance-მა შექმნა და ის ჩინეთში პოპულარული აპის ანალოგია. ამერიკაში TikTok-ის მიმართ კითხვის ნიშნები იყო პირადი ინფორმაციის დაუცველობის კუთხით, რადგან მიიჩნევა, რომ მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში იგზავნება. თავად კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამერიკელი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია ინახება სერვერებზე უშუალოდ ამერიკაში და სინგაპურში, თუმცა არა ჩინეთში.

TikTok სნეპჩეტისა და ინსტაგრამის მსგავსი ვიდეო-გაზიარების აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფილზე განათავსოს 15 წამიდან 1 წუთამდე ხანგრძლივობის მოკლე ვიდეო, რომელსაც, როგორც წესი, მუსიკა ან ფილმის ამოჭრილი აუდიო ჩანაწერი ერთვის. ვიდეოები შეგიძლიათ "მოიწონოთ", მოძებნოთ ჰეშტეგებით და გაუზიაროთ სხვებს.

რადგან TikTok-ის მფლობელი კომპანია, ByteDance, ჩინეთშია დაფუძნებული, არსებობს შიში, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს, შესაძლოა, ჩინურ მთავრობას აწვდიდეს. ეს შეიძლება ხდებოდეს გამიზნულად, მონაცემების მოთხოვნით ან უნებლიეთ — სამეთვალყურეო პროგრამის საშუალებით.

ასევე წაიკითხეთ: