თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე მხარდასაჭერად მისულია სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, გამომძიებლები საქმეს წელავენ და სათანადოდ არ იძიებენ. ის დარწმუნებულია, რომ მანქანიდან ყველა ნიმუში გააქრეს და კომპიუტერიდანაც ფაილები წაშალეს. თეონა თამაზაშვილის თქმით, FBI-ს გარეშე მასალების აღდგენა შეუძლებელი იქნება. იგი აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანსაც მიმართავს, რომ ექსპერტების ჩართვაში დაეხმაროს.

"მიედებიან-მოედებიან, აგერ ნარკოდილერობა და რაები აღარ დააბრალეს ჩემს შვილს. არ გამოუვიდათ თვითმკვლელობის ვერსია და ჩირქების მოცხობაზე გადავიდნენ", — აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

მისივე თქმით, თუ FBI-ს ჩართვაზე უარს ეტყვიან აშშ-ს საელჩოს წინ შიმშილობის დაწყებას აპირებს.