საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აჭარის მთავრობას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვას ქონების განკარგვის ხელშეკრულების პირობები. ორგანიზაციამ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შეისწავლა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გარკვეული რეკომენდაციები წარუდგინა.

TI-ს განცხადებით, აუცილებელია, ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას განისაზღვროს მეტი საგარანტიო პირობები, შეიქმნას თანაბარი პირობები ყველა ინვესტორისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.

ამასთან, ორგანიზაციამ დააგინა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით 26 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება — აქედან 3 ხელშეკრულება პირდაპირი წესით სარგებლობაში გაცემულ ქონებას ეხება, 23 ხელშეკრულება კი — ნასყიდობას.

"26 კომპანიიდან, რომელთა ხელშეკრულებებშიც ცვლილებები შევიდა, 9-ის წარმომადგენლები, მეწილეები და დირექტორები მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან", — ვკითხულობთ დასკვნაში.

TI მოუწოდებს აჭარის მთავრობას, გასაჯაროვდეს შეცვლილი პირობებით განახლებული ხელშეკრულებები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

მათი ინფორმაციით, კვლევამ შემდეგი გარემოებები გამოკვეთა:

  • 2019 წლის 29 მარტს აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, თუ ინვესტორი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მას შეუძლია პირგასამტეხლოსგან გასათავისუფლებლად და ხელშეკრულებების პირობების გადასავადებლად მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარუდგინოს დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%-ის საბანკო გარანტია. სამინისტროს ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით 26-მა კომპანიამ/იურიდიულმა პირმა ისარგებლა.
  • გასულ წელს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით აჭარის ავტონომიურმა მთავრობამ სულ 3 ობიექტი გაასხვისა (2018 წელს 16 ობიექტი გაიყიდა, 2017-ში კი — 17).
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს გრინ რეზორტმა ქობულეთში შეიძინა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის — მწვანე ქალაქის ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250 000 000 ლარია.
  • 2019 წელს მკვეთრად შემცირდა პირობიანი აუქციონების რაოდენობაც — ამ ფორმით ქონება სულ 6-ჯერ გასხვისდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
  • 4 იურიდიული პირიდან, რომელმაც ქონება პირობიანი აუქციონის ფორმით შეიძინა, 3 ხელშეკრულების გაფორმებამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირდა: აიბამბუ, საქართველო და აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი.
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო რეკომენდაციას სთავაზობდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად — 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს ბანკი ქართუს საკუთრება გახდა.
  • ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ თანალმობამ 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა ცენტრი 2019 წელსაც ვერ გახსნეს.
  • 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით, წინა წლებში ხელმოწერილ 26 ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები. ხელმომწერი 9 კომპანიის წარმომადგენლები, მეწილეები და დირექტორები მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.
  • საკვლევ პერიოდში პირობების შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო 7 კომპანიასთან მოიშალა ხელშეკრულებები.

2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით ასევე 7 ხელშეკრულება მოიშალა.
უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზი პირგასამტეხლოსა და საიჯარო ქირის გადაუხდელობა
და ინვესტიციის განუხორციელებლობა იყო.

TI მოუწოდებს აჭარის მთავრობას, მკაცრად დაიცვას ქონების განკარგვის ხელშეკრულების პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არღვევს პირობებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაიბრუნოს უზურფუქტის წესით ან სხვა ფორმით გადაცემული ქონება.