ტელევიზიები კომუნიკაციების კომისიისა და სოფო კილაძის სახელზე მიმართვას ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებით სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი სრული სარედაქციო კონტროლი განახორციელოს. მათი განმარტებით, შესაძლოა, ეს გამოყენებული იქნეს მაუწყებლობის უფლების შესაჩერებლად, ამიტომ მოითხოვენ განმარტებას, რას გულისხმობს კანონპროექტი.

"კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც.

მოქმედმა პარლამენტმა ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედებას", — აცხადებენ მაუწყებლები.

მათი განცხადებით, ეს კანონი არის სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანი. კანონი კი უნდა იყოს განჭვრეტადი, რომ სუბიექტმა შეძლოს მისი დაცვა. ამიტომ, ისინი მოითხოვენ, კომისიამ გასცეს პასუხები მათ კითხვებს, ბუნდოვან მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შეზღუდვებს, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნების დაცვას, სანქციებსა და სხვა.

მიმართვას ტელეკომპანია მთავარი არხი, ტელეკომპანია კავკასია, ტვ პირველი, ფორმულა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი აწერენ ხელს. მაუწყებლების მიმართვა სრულად ნახეთ აქ.

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის "შეუფერებელი" შინაარსის მასალის გავრცელება შეიზღუდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მიღებულია და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.