რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ ის და ნავალნი დღეს დილით ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა. პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

"ერთი წლის წინ, როცა ალექსეი სპეციალური დაკავების იზოლატორში იჯდა, ის მოწამლეს. ცხადია, ახლაც იგივე გააკეთეს ", — წერს იარმიში ტვიტერზე.

ის ახლა ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. პრესმდივნის ინფორმაციით, კლინიკაში პოლიცია მათი მოთხოვნით გამოიძახეს.

ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს.