ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმა Zoom, რომელიც კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, გათიშულია. მომხმარებლები აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან იტყობინებიან, რომ ვიდეო-ზარების განხორციელება არ შეუძლიათ.

კომპანია აცხადებს, რომ პრობლემები შეექმნა ვებინარების და შეხვედრების გამართვას, DownDetector კი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ რეგიონში აღმოჩენილ ხარვეზებს აჩვენებს — ჩეტის, დარეკვის და სხვა დამატებითი ფუნქციები ჩვეულებრივად მუშაობს, თუმცა აპლიკაციის მთავარი სერვისი ხელმიუწვდომელია.

რასაკვირველია, Zoom-ის დარი პლატფორმისთვის ამგვარი გათიშვა არცთუ სასიკეთოა, თუმცა ახლა — როცა იგი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილადაა ქცეული — ეს ხარვეზი კომპანიის პრესტიჟზეც აისახება. ტვიტერზე არაერთი ადამიანი წერს, რომ გათიშვის გამო ვერ მოახერხეს შეხვედრებსა და გაკვეთილებზე დასწრება.

თუმცა, ყველა როდია განაწყენებული მომხდარით. ზოგიერთ ადამიანს, როგორც ჩანს, გაუხარდა კიდეც შეხვედრების გაცდენა. ორშაბათია, ბოლოს და ბოლოს, და გაღვიძების შემდეგ ცოტაოდენი იმედი გვაქვს, რომ ასეთი სასწაული მოხდება.

როგორც Zoom ტვიტერზე წერს, კომპანია ამჟამად მუშაობს, რათა ხარვეზები აღმოფხვრას, სიახლების შესახებ კი მომხმარებლებს სოციალური მედიის არხების მეშვეობით შეატყობინებს.