კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დაწერა.

კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან.

Posted by გახარია on Wednesday, 26 August 2020

ამის შესახებ მოგვიანებით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ზოგადი რეკომენდაციების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კინოთეატრებსა და თეატრებს სკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარება მოუწევთ. 5 კვადრატულ მეტრზე კი, მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი. ამასთან, თეატრებში ღონისძიების ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს, რომელიც დარბაზში შესვლა-გამოსვლას მოიცავს და ანტრაქტს გამორიცხავს.

დღეს, 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ხოლო პირველი ოქტომბრიდან — ბაღები. გარდა ამისა, 2 სექტემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება დაბა მესტიასა და ლენჯერში.