საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში/ევროკავშირში ვეღარ გაემგზავრებიან, თუ საქართველოს საზღვარზე დადგინდა, რომ მათ საჭირო საბუთები არ აქვთ. კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენას გადის და 4 სექტემბრამდე უყრიან კენჭს.

პროექტში ჩამოთვლილია ის დამატებითი კრიტერიუმებიც, რომლის მიხედვით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს ევროკავშირის იმ ქვეყანაში გამგზავრება, რომელთანაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.

შენგენის ზონაში გამგზავრება შეიზღუდება თუ:

  • მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს საზღვრის კონტროლისთვის;
  • მოქალაქე არ წარადგენს ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • მოქალაქეს არ აქვს შენგენის ზონის დასატოვებელი ბილეთი, ბილეთის ჯავშანი, საცხოვრებელში ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტი ან მასპინძლის თანხმობა;
  • არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • არ დაადასტურებს, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსები აქვს.

პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან.

"გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა", — აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

2018 წელს შემუშავებული კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ზვიად კვაჭანტირაძე.