საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კიბერშეტევა განხორციელდა. უწყებაში ამბობენ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებსაც, რაც ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე საუბრობს.

"2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, "ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით".

შსს-ს განცხადებითვე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს.