The Batman-ის ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს, COVID-19 დაუდგინდა.

The Batman-ზე მუშაობა ამ წლის დასაწყისში დაიწყო და ის ჰოლივუდის იმ ბევრი პროექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელზეც კორონავირუსის მიმდინარე პანდემიამ იმოქმედა. კრიზისის გართულების გამო ფილმზე მუშაობა მარტის შუა რიცხვებში შეწყდა. ამ დროისთვის მეთ რივზს ფილმის მხოლოდ 25 პროცენტი ჰქონდა გადაღებული, რაც საკმარისი აღმოჩნდა DC FanDome-ზე გაშვებული The Batman-ის ტრეილერის გასაკეთებლად. ჩანაწერის ნახვის შემდეგ მაყურებელი კიდევ უფრო მეტი მოლოდინით ელოდება ფილმს, რის გამოც The Batman-ის წარმოების განახლებას ფანები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმზე მომუშავე ჯგუფიდან ვიღაცას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა აქამდე უცნობი იყო, ვის — აღმოჩნდა, რომ ინფიცირებული The Batman-ის მთავარი ვარსკვლავია. ის ამჟამად იზოლაციაშია, ფილმის გადაღება კი შეჩერდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმპტომები აქვს პატინსონს და რამდენად მძიმეა სიტუაცია. როგორც ერთ-ერთ მთავარ მსახიობს, პატინსონს, სავარაუდოდ, გადამღები ჯგუფისა და მსახიობების დიდ ნაწილთან ექნებოდა შეხება, ამიტომ ჯერ კიდევ დასადგენია, The Batman-ის მომუშავე პერსონალიდან ვინმე სხვაც თუა ინფიცირებული.

The Batman-ის განახლებული გადაღებები მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა და ჯერ უცნობია, რამდენი ხნით შეჩერდება ფილმზე მუშაობა. თუმცა ფილმის სამომავლო გეგმები ახლა მეორეხარისხოვანია — პირველ ყოვლისა, იმედი ვიქონიოთ, რომ პატინსონი მალე გამოჯანმრთელდება.