პანკისის სათემო რადიო მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.

5 სექტემბერს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართ. აქციის მონაწილეები ხეობიდან რადიოს დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წასვლას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ პანკისის სათემო რადიო არაობიექტურად აშაუქებს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

"აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით", — ამბობენ რადიოში.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

2020 წლის 4 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ დღეს გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა რადიოს სტუდია დაარბიონ.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ მომართვაზე გამოძიება არ დაუწყიათ.