ბელარუსი მწერლისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის სახლში ნიღბიანების შეჭრის მცდელობის შემდეგ, ევროპის ქვეყნების დიპლომატებმა სახლში "მორიგეობა" დააწესეს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, მინკსში ალექსიევიჩის სახლში კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ევროკავშირის 17 დიპლომატი შეიკრიბა. ისინი ლექსიევიჩის ბინაში მორიგეობას ღამითაც აპირებენ.

ალექსიევიჩმა მის სახლში ნიღბიანების შეჭრის მცდელობაზე მედიასთან 9 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, მას კარზე უკაკუნებდნენ და უცნობი ნომრებიდან ურეკავდნენ. ის მაშინვე მოინახულეს ევროპელმა დიპლომატებმა.

სვეტლანა ალექსიევიჩი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი წევრია, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. თუმცა, 25 აგვისტოს ის საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს და ოპოზიციურ ორგანიზაციებთან კავშირის გამო დაკითხეს.

საკოორდინაციო საბჭოს 7 წევრიდან 6 დაკავებულია ან ქვეყნიდან ძალდატანებით არის გაძევებული. მათ შორის მარია კოლესნიკოვა, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.