ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2020, რომელიც 13-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო ბათუმში, პანდემიური სიტუაციის გამწვავების გამო გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება ქვეყნის უფლებამოსილ პირებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. ფესტივალის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კინოთეატრების გახსნაც გადავადდა — თავდაპირველად ეს 15 სექტემბერს იგეგმებოდა, მაგრამ გახსნის თარიღმა ერთი თვით გადაიწია. არსებული სიტუაციის გამო საქართველოში უკვე არაერთი კულტურული ღონისძიება გადაიდო.

"რა თქმა უნდა, BIAFF-ის გუნდისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან უკვე ყველაფერი მზად გვქონდა — ფილმების პროგრამა, სტუმრები, ლოგისტიკა და ა.შ. მაგრამ ფესტივალის მენეჯმენტს ესმის, რა რისკებთანაა დაკავშირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ბათუმში და ფესტივალის სტუმრების, მონაწილეებისა და აუდიტორიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გადაწყვეტილება ფესტივალის გადადება და მისი ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარებაა. პანდემიურ სიტუაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები და სახელმწიფო რეგულაციები ფესტივალის დროს სრულად იქნება დაცული", — თქვა ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.

ფესტივალის ზუსტი ახალი თარიღი სექტემბრის ბოლოს გადაწყდება.

ამავე თემაზე: