პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ჭამისგან და სექსისგან მონიჭებული სიამოვნება "უბრალოდ, ღვთაებრივია". ამის შესახებ იგი წიგნში საუბრობს, რომელიც მწერალ კარლო პეტრინის ინტერვიუებს მოიცავს კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან.

"სიამენი პირდაპირ ღვთისგანაა ბოძებული, ეს არც კათოლიკურია და არც ქრისტიანული — უბრალოდ, ღვთაებრივია და სხვა არაფერი", — ამბობს ფრანცისკე პეტრინის წიგნში TerraFutura, რომელიც ამ კვირას გამოიცა.

"ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, სასტიკ და უგუნურ განცხრომას, თუმცა, ამის საპირწონედ, იგი ყოველთვის იწყნარებდა უბრალო, ადამიანურ და მორალურ ნეტარებას".

ფრანცისკე სექსისგან და გემრიელად ჭამისგან მონიჭებულ სიამოვნებას წარსულში ეკლესიის "გადაჭარბებული მორალურობის" მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს "ქრისტიანული სწავლების არასწორი ინტერპრეტაციაა".

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ჭამის სიამოვნება პირდაპირაა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, ისევე, როგორც სექსუალური სიამოვნებაა დაკავშირებული სიყვარულის მშვენიერების აღქმასა და სახეობების უწყვეტ არსებობასთან", — აღნიშნავს ფრანცისკე.

მისივე თქმით, სექსის და სიამოვნების გმობამ წარსულში "უდიდესი ზიანი მოიტანა, რომელიც დღესაც იგრძნობა".

83 წლის ფრანცისკე, რომელიც არგენტინაში დაიბადა, ღვთაებრივი სიამოვნების სიყვარულს 1987 წელს გამოშვებულ დანიურ ფილმს, ბაბეტის ნადიმს, უკავშირებს. ფილმი დანიის ერთ-ერთ ღარიბ სოფელზე მოგვითხრობს, რომელიც რწმენით ერთიანდება მრევლის ერთ-ერთი წევრის მიერ მომზადებული ფრანგული კერძების საშუალებით.

"ცხადია, ჭამის და სექსისგან მონიჭებული სიამოვნება ღმერთის მოცემულია", — დასძენს რომის პაპი.

როგორც ხშირად აღნიშნავენ, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ფრანცისკე შედარებით ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. თუმცა, მისი რამდენიმე განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ იგი კათოლიკური ეკლესიის ტრადიციულ სწავლებას და წინა პაპების ხედვებს დიდად აცდენილი არაა. ამისდა მიუხედავად, მან ყველას გასაოცრად განაცხადა, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. იგი ასევე პიცის და პიცა-ფართების დიდი მოყვარულიც გახლავთ.