სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს.

ვაშაძე მიმართავს მოქმედ პრემიერმინისტრს და ქვეყანაში არსებულ მწვავე ეკონომიკურ და სოციალურ პრობელემებზე მიუთითებს. მისი თქმით, გახარიას მმართველობის დროს საგრძნობლად შემცირდა უცხოური ინვესტიციები და 200 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.

"ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ, არც ერთი დაპირება, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის, UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8,2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენს პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მმართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონავირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა", — ამბობს ვაშაძე.

ის ასევე აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, კრიმინალის დონე 2-ჯერ გაიზარდა, ამასთანავე, რამდენჯერმე გაიზარდა გამოუძიებელი დანაშაულების რიცხვიც.

"არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ 45 მლნ ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც IDF-ის, Bellingcat-ის და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას.

ბატონო გახარია, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისევე, როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ, ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისა და ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა?", — მიმართავს ვაშაძე მოქმედ პრემიერმინისტრს.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის.

გიორგი ვაშაძე "საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ" იწვევს გიორგი გახარიას და მისგან პასუხს ელოდება.