მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ხელოვანისა და ქუჩის მხატვრის, ბენქსის ბრენდის ნიშანი რისკის ქვეშაა, მას შემდეგ, რაც მან სასამართლოში დავა წააგო. ხელოვანის ადვოკატმა გადაწყვეტილებას ბენქსისთვის "გამანადგურებელი" უწოდა.

დავა მის მიერ იერუსალიმში 2003 წელს შექმნილ სტენსილს, ჰაერში სიყვარულია - ყვავილების მსროლელი ეხებოდა. ნამუშევარი პალესტინელ კაცს ასახავს, რომელსაც მშვიდობა სურს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და ბომბის ნაცვლად თაიგულს ისვრის.

Love Is In The Air (Flower Thrower) ბეთლემში

ფოტო: Corder London

2014 წელს, ბენქსის წარმომადგენლებმა, Pest Control Office, ევროკავშირს მიმართეს და წარმატებით დაარეგისტრირეს ბენქსის სასაქონლო ნიშანი, მასში შედიოდა Flower Thrower-იც, თუმცა 2-წლიანი დავის შემდეგ ის გააუქმეს.

ლონდონში გახსნილმა მისალოცი ბარათების კომპანია, Full Colour Black, აცხადებდა, რომ სამართლებრივად შეეძლო ნახატის გამოყენება თავის პროდუქტზე, რადგან მისი ავტორი ანონიმური იყო და ამტკიცებდა, რომ ბენქსი მის სამარკო ნიშანს ბრენდინგის მიზნებით არ იყენებდა.

საპასუხოდ, 2019 წლის ოქტომბერში, ბენქსიმ ლონდონში მაღაზია გახსნა, თუმცა იქ შესვლა არავის შეეძლო და მასში განთავსებული ცნობილი ნიმუშების დათვალიერება მხოლოდ ქუჩიდან, უზარმაზარი შუშის ვიტრინების საშუალებით იყო შესაძლებელი. მაღაზიაში განთავსებული ექსპონატების შეძენა ონლაინ არის ხელმისაწვდომი.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) განაცხადა, რომ ბენქსის ანონიმურობის გამო მისი იდენტიფიცირება არ ხდებოდა და გადაწყვეტილება ხელოვანის წინააღმდეგ გამოიტანა.

"ბენქსიმ აირჩია ვინაობა არ გაემჟღავნებინა და ანონიმურად დარჩენილიყო, ის გრაფიტს ხშირად ქმნის სხვა ადამიანების საკუთრებაზე, მათი ნებართვის გარეშე, იმის ნაცვლად, რომ ისინი ტილოზე დახატოს ან საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს", — წერია მათ განცხადებაში.

"მისალოცი ბარათების კომპანია მედავება სასაქონლო ნიშანში, რომლის ქვეშაც ჩემი ხელოვნება ერთიანდება. ისინი ცდილობენ მოიპოვონ უფლებები ჩემს სახელზე და ლეგალურად გაყიდონ ყალბი საქონელი ბენქსის ნიშნით", — აცხადებდა ხელოვანი.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების პალატა მაღაზიის მიმართ კრიტიკული იყო, რამაც საქმის ბედი გადაწყვიტა:

"სავაჭრო ნიშნის გამოყენება კომერციული კეთილდღეობისთვის ბენქსის მიზანი არ ყოფილა, მას კანონზე გვერდის ავლა სურდა. მისი ქმედებები ჩვენს გულწრფელ პრაქტიკაში არ ჯდება".

როგორც მისალოცი ბარათების კომპანიის ადვოკატი აცხადებს, ახლა უკვე რისკის ქვეშ დგას ბენქსის მიერ შექმნილი სხვა ნამუშევრების საკუთრების ბედი და მისი სასაქონლო ნიშანიც:

"თუ მას არ ჰქონია ამ ბრენდის ნიშნის კომერციულად გამოყენების მიზანი, მაშინ საქმე თაღლითობასთან გვაქვს, რაც ბენქსის სამარკო ნიშანს და მის მთელ პორტფოლიოს რისკის ქვეშ აყენებს".

ბენქსის წარმომადგენელ Pest Control Office-ს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.