დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტო მიაწოდა ამტკიცებს, რომ ფოტო ავთენტურია და ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც ვერ დაასახელებს. მისივე თქმით, წყარო კომპეტენტურია და მას ენდობა, პროკურატურის გასაჯაროებულ ექსპერტიზის დასკვნას კი — არა.

მისი თქმით, "თუკი ამის აუცილებლობა იქნება", შეუძლია წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც ფოტოს ავთენტურობას დაადასტურებს.

"სპეციალისტები ამბობენ ამას, პროკურატურა ამბობს... თქმას ჯობია, მოიტანონ მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებს იმას, რაც მე წარმოვადგინე. მე შემიძლია, მოვიყვანო კერძო კომპანია, ასეთივე, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა და ის იტყვის, რომ ამ ექსპერტების დასკვნა არის ყალბი...

მე რომ მოვიტანო დასკვნა, არა სიტყვიერი, არამედ ბლანკზე შესრულებული საკმარისად ავტორიტეტული რომელიმე ევროპული ან ამერიკული კომპანიისა, სადაც იქნება ნათლად, ხაზგასმულად, რომ ეს ფოტოები ავთენტურია და ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს, მერე იმან დამიყენოს ამისი საწინააღმდეგო", — განაცხადა მან პოლიტმეტრში.

ამავე თემაზე:

8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა ფოტო და განაცხადა, რომ ის ადასტურებდა, რომ გარდაცვლილის მანქანა 19-20 ივლისს ტყეში არ იდგა. მომდევნო დღეებში პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბია და შესაძლოა, გამყალბებლის მიზანი ადვოკატის დისკრედიტაცია ან საქმის მსვლელობისთვის ხელის შეშლა იყო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ რამიშვილი ამბობდა, რომ არ დაასახელებდა ფოტოს წყაროს, სანამ პროკურატურის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი. დღეს, 18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. მათი თქმით, ამაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ.

ამის შემდეგ რამიშვილმა დაასახელა წყარო, რომელიც დავით ფურცხვანიძე აღმოჩნდა.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე

მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.