სულ ცოტა ხნის წინ ემის 2020 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ შორის ზენდეიამ ყველასგან მოულოდნელად გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში.

ამით ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, ვისაც კი ამ ნომინაციაში გაუმარჯვია: გასულ წელს ამავე კატეგორიაში გამარჯვებული ჯოდი კომერი 26 წლის იყო, ზენდეიას კი სულ რამდენიმე კვირის წინ შეუსრულდა 24 წელი.

ამ ფაქტმა ახალგაზრდა მსახიობი, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა:

ფოტო: ABC

იმასთან ერთად რომ, ზენდეია ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, ამავდროულად ის მეორე შავკანიანი ქალია, ვისაც ამ ნომინაციაში გაუმარჯვია: პირველად ვაიოლა დევისმა მოიგო 2015 წელს სერიალით How To Get Away With Murder.

"ვიცი, რომ ცოტა უცნაური დროა ზეიმისთვის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ გარშემო ახალგაზრდებში არსებობს იმედი. ვაცნობიერებ, რომ ჩვენი სატელევიზიო შოუ ყოველთვის არ არის ამის საუკეთესო მაგალითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათში იმედი არსებობს და მინდა ყველა ჩემს თანატოლს მივმართო, ვინც ქუჩებში მუშაობს: გამჩნევთ, გაფასებთ და მადლობას გიხდით", — აღნიშნა ზენდეიამ სამადლობელო სიტყვის წარმოთქმისას.

ზენდეია მთავარ როლს ასრულებს გასულ წელს HBO-ს მიერ გამოშვებულ სერიალში Euphoria, რომელიც თინეიჯერების სექსუალური ცხოვრების, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. სწორედ ამ სერიალში მონაწილეობამ მოუტანა ამ ახალგაზრდა ამერიკელ მსახიობს ისტორიული გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ ზენდეიასთან ერთად ამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი (The Morning Show), ოლივია კოლმანი (The Crown), ჯოდი კომერი (Killing Eve), ლორა ლინი (Ozark) და სანდრა ოუ (Killing Eve).

გამარჯვებულის გამოცხადებისა და მსახიობის ემოციების სრულად ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია ეიფორიის მეორე სეზონის გადაღებაც, თუმცა პანდემიის გამო ჯერ უცნობია, თუ როდის შევძლებთ მის ხილვას.