"როგორ ინარჩუნებთ ბიზნესს, რომელიც მომხმარებელს ფულის გადახდას არ სთხოვს?"

"რეკლამებით, სენატორო".

ეს ცნობილი ინტერაქცია სენატორ ერინ ჰეჩსა და მარკ ცუკერბერგს შორის 2018 წლის 10 აპრილს, აშშ-ს სენატში ფეისბუქის დამფუძნებლის დაკითხვაზე წარიმართა.

ფეისბუქი რეკლამების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ვინ ქმნის ამ რეკლამებს და კონკრეტულად რა თანხა ჯდება ჩვენი ყურადღების მიპყრობა? დღეს მოგიყვებით Ad Library-ზე, ანუ ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაზე, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, საქართველოში კი სულ ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი მედიებისა და არასამთავრობოების მოთხოვნის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი.

აგვისტოდან ფეისბუქის ქართული აუდიტორიისთვის პოლიტიკური რეკლამების განთავსება მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.

ზუსტად რას გვთავაზობს Ad Library

Ad Library ფეისბუქის სხვა პროდუქტების სარეკლამო ინფორმაციაზეც გაძლევს წვდომას, მათ შორის მესენჯერსა და ინსტაგრამზე. აღსანიშნავია, რომ რეკლამების ბიბლიოთეკის გამოსაყენებლად ფეისბუქისა და ინსტაგრამის ანგარიშის ქონა სავალდებულო არაა. მისი მიზანია მომხმარებელს სარეკლამო პროცესზე წვდომა მიანიჭოს და კონკრეტული რეკლამის მიღმა არსებული ინფორმაცია მისთვის გამჭვირვალე გახადოს.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში მარტივად მიიღებთ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სახის რეკლამაზე, მის განმთავსებლებზე, რამდენია დახარჯული თითოეულ კამპანიაზე და ვისზეა ის გათვლილი.

ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამების განმთავსებლებს სამ მოთხოვნას უყენებს:

  1. ვინაობის დადასტურება: რეკლამის განმთავსებლებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ისინი აპირებენ რეკლამის გაშვებას არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ. მათ ფეისბუქს უნდა წარუდგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რათა რეკლამის გაშვება შეძლონ;
  2. შესაბამისი მონიშვნების გაკეთება: საარჩევნო ან პოლიტიკურ რეკლამებს მითითებული უნდა ჰქონდეს, რომელი ორგანიზაცია ან პიროვნება დგას რეკლამის უკან (Paid for By) – აუცილებელი იქნება მათი მისამართი, ტელეფონის ნომერი, იმეილი და ვებგვერდი;
  3. რეკლამების ბიბლიოთეკა: ზემოთ აღნიშული ეს ინფორმაცია, პოლიტიკურ რეკლამასთან ერთად, ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში შეინახება. ასევე ღიაა რეკლამაზე დახარჯული თანხის რაოდენობა და მასზე წვდომა.

რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.

პოლიტიკური რეკლამის განთავსების მსურველებს ამ პროცესებთან დაკავშირებით ინსტრუქციები ფეისბუქმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიაწოდა.

როგორ უნდა გამოიყენო Ad Library

Ad Library უფასოა და მისი მოხმარება ყველას შეუძლია. ამისთვის საკმარისია გადახვიდეთ საიტზე facebook.com/ads/library. მასზე შესვლისას ავტომატურად ინიშნება ქვეყანა, საიდანაც ბიბლიოთეკის ნახვას გეგმავთ.

პლატფორმა გთავაზობთ გაფილტროთ როგორი სახის რეკლამების ნახვა გსურთ — პოლიტიკურის, თუ ნებისმიერ თემაზე. ამის შემდეგ, საძიებო ველში წერთ პარტიის ან პოლიტიკოსის სახელს, ან რეკლამის აღწერაში გამოყენებული ტექსტის მონაკვეთს.

თითოეულ რეკლამას გვერდით ექნება აღნიშვნა, Inactive ან Active, რომელიც მიგახვედრებთ, ამ წამსაც არის თუ არა ჩაშვებული კამპანია.

ბიბლიოთეკიდან ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის სპეციალურ პროფილზე და გაიგოთ, რა თანხა აქვს დახარჯული მას ფეისბუქის რეკლამებზე. შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ დემოგრაფიულ მონაცემებზეც, როგორიცაა რეკლამის მნახველების ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა და ა.შ.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ფეისბუქზე მხოლოდ გვარით პოზიციონირდება, დღევანდელი მონაცემებით აქტიური რეკლამა არ აქვს. თუმცა, საქართველოში Ad Library-ის ავტორიზირებული მომხმარებლებისთვის ამოქმედებიდან დღემდე (5 აგვისტო-25 სექტემბერი) მას $5,363 აქვს დახარჯული.

მაგალითად, ფეისბუქ გვერდის პროფილის ფოტო, რომლითაც პრემიერი სავარაუდოდ პირბადის გამოყენების კამპანიას ეწევა, ორჯერ, დროის სხვადასხვა მონაკვეთშია დასპონსორებული და რეკლამაში ჯამში 299 დოლარია დახარჯული.

Ad Library-დან ასევე შეგიძლიათ გაიგოთ ისეთი საინტერესო დეტალები, როგორიცაა როდის შეიქმნა ის გვერდი, რომელიც თქვენ რეკლამებს გთავაზობთ, რამდენჯერ შეიცვალა მისი სახელი, ან რომელი ქვეყნებიდან მართავენ ამა თუ იმ პოლიტიკოსის პირად გვერდებს.

მაგალითად, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდს მართავენ საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც კი.

თუმცა, ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა საეჭვო შინაარსის რეკლამების გადამოწმებაცაა. მაგალითად, გიორგი გაბედავა, ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური პოლიტიკური პარტიიის ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში, აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც მომხმარებელი გიგა ბოკერიას შესახებ ისტორიებს ისმენს.

ქართული მარშის ფეისბუქ გვერდის მიერ 100 დოლარად დასპონსორებულ რეკლამაში, ბოკერიას მწამებელს უწოდებენ. გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატია ფოთში, ხობსა და სენაკში.

ისეთ გადამწყვეტ მომენტებში, როგორიცაა არჩევნები, ან დასავლური კურსისკენ სწრაფვა, საქართველო ხშირად ხდება რუსი აქტორების შეტევის სამიზნე. მათი კამპანიები მოიცავს არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას ონლაინ. სწორედ ამ დეზინფორმაციული ხასიათის შემოტევების გამოსავლენად მოსთხოვეს არასამთავრობოემბმა და მედიებმა ფეისბუქს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის საქართველოსთვის გახსნა.

რატომაა მნიშვნელოვანი Ad Library

(განსაკუთრებით არჩევნების წინ)

არჩევნების წინ დემოკრატიული პროცესის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

Ad Library-ის შექმნის იდეას აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა, რომელზეც რუსმა ბოტებმა, ტროლებმა და ჰაკერებმა ზეგავლენა სწორედ ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით მოახდინეს. ამერიკელი ხალხის არჩევანზე უცხოელი აქტორების მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათი პოლიტიკური და პროპაგანდისტული რეკლამები კი ფეისბუქზე იყო განთავსებული. ამიტომაც, ტექგიგანტების მიმართ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ზუსტად ფეისბუქი იყო.

Ad Library-ის მიზანი პოლიტიკური რეკლამების სიზუსტის გადამოწმება, მათი კონტროლი და დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობაა, რომელიც მომხმარებლისთვის სანდო და სწორი ინფორმაციის მიწოდებასაც მოიცავს. პოლიტიკური რეკლამები ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მკვლევარებს თუ ჩვეულებრივ მომხმარებელს ამ დროის განმავლობაში შეეძლება შეამოწმოს ნებისმიერი შინაარსის რეკლამის წარმომავლობა და ჩამოტვირთოს ბიბლიოთეკაში შენახული მონაცემები.

ფეისბუქი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობითა და გადამოწმების მექანიზმით დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წვლილს სწორედ ისინი შეიტანენ, ვინც ინფორმაციას საგულდაგულოდ ამოწმებს.

"ვიცით, რომ არჩევნებს მარტო ვერ დავიცავთ", — აცხადებდა სოციალური ქსელების გიგანტი 2019 წელს და იგივეს ამბობს ახლაც, საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილში და მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს.

"ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვებით და შევიმუშავეთ გლობალური მიდგომა, რათა არჩევნების წინ ჩვენი პლატფორმები დაცული იყოს ყალბი ამბებისგან, რეკლამირება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დროულად წაიშალოს ყალბი ანგარიშები და ზიანის მომტანი კონტენტი. თითოეული არჩევნების წინ ჩვენ კონკრეტულ ჯგუფს გამოვყოფთ, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ ქვეყნისთვის სპეციფიკურ რისკებზე და, როცა შესაძლებელია, ჩვენი ზომებიც ლოკალურ საჭიროებებზეა მორგებული", — ვკითხულობთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორის, გაბრიელა ცჰესის წერილში.

ტროლებისა და ბოტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისგან დაცვა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მართლაც, ბოლო პერიოდში ფეისბუქმა რამდენჯერმე წაშალა ქართული ანგარიშები, რომლებიც არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას ავლენდნენ.

ფეისბუქი ყალბ ინფორმაციას და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. კომპანიამ არაერთხელ განმარტა, რომ კოორდინირებულად არაავთენტური ანგარიშებით პოსტებზე დისკუსიის გაზრდა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, მოჩვენება თითქოს კონკრეტული აზრი პოპულარულია და მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ყალბი ამბების გადამოწმების პროგრამა

საპარლამენტო არჩევნების წინ ფეისბუქი საქართველოს ყალბი ამბების გადამოწმებაში სხვა ინსტრუმენტების გამოყენებითაც დაეხმარება. სოციალური ქსელი ქართველ პარტნიორებთან ერთად ფაქტების გადამოწმების პროგრამას სულ ცოტა ხანში გაუშვებს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფეისბუქი ადგილობრივ ორგანიზაციებთან, FactCheck Georgia და მითების დეტექტორთან თანამშრომლობს.

ახალი პროგრამის ამუშავების შემდეგ, თუ მომხმარებელი რომელიმე პოსტს საეჭვოდ ან ყალბად მიიჩნევს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ ამის შესახებ ფეისბუქს აცნობოს. შესაბამისი ველი მონიშვნის და გაგზავნის შემდეგ, მონიშნილი კონტენტის ავთენტურობას სწორედ მითების დეტექტორი და FactCheck განიხილავენ და საკუთარ დასკვნას ფეისბუქს მიაწვდიან.

ფეისბუქი იმედოვნებს, რომ ამ და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებას შეამცირებს და აქედან გამომდინარე, შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელიც, შესაძლოა, ყალბი ამბების მსხვერპლი გახდეს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.