დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. 77 წლის ქალი ქუთაისის კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 20 სექტემბერს იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან კლინიკაში ბომონდში შეიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", — ამბობს კლინიკა ბომონდის კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.

ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობას. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

ამასთან, 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა ბათუმში. როგორც ჯანდაცვაში აცხადებენ, მას ჰქონდა თანმდევი დაავადებები ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. მათივე თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 22 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: