საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:

  • თინათინ ბერძენიშვილი — 9 ხმა;
  • ირმა სოხაძე — 7 ხმა;
  • ხათუნა ლაგაზიძე — 7 ხმა;
  • ალექსანდრე ვახტანგოვი — 5 ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.

სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობდა რვა კანდიდატი: ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზი შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური.