მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრებ ფერმერს მოსავლის აღების დროს კომბაინი დაეწვა, კაცმა გულის შეტევა გადაიტანა. როგორც ფერმერ ლეინ ანჰემის მეზობელი, დონ ანდერსონი, ფეისბუქპოსტში წერს, ლეინი ქალაქ ქროსბის მახლობლად ჭირნახულის აღებით და დაბინავებით იყო დაკავებული, როცა შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში.

სანამ ანჰემი მკურნალობის კურსს გადიოდა, ანდერსონის თქმით, დაახლოებით, 40-50 ფერმერი გაერთიანდა, რათა მეზობლის საქმე დაემთავრებინა. მხოლოდ შვიდ საათში მათ 4 ათას კვადრატულ კილომეტრზე მოყვანილი მარცვლეულის დაბინავება შეძლეს.

"ახლა, როცა ლეინის ჯანმრთელობას ყურადღება სჭირდება, დროა, მისი მეგობრები და მეზობლები გვერდში დაუდგნენ. ჩვენნაირი პატარა ქალაქისთვის ეს ჩვეული ამბავია", — წერს ანდერსონი ფეისბუქზე.

"ანჰემებს შესანიშნავი მარცვლეული აქვთ, რომელიც საიმედოდ დაბინავდება დღესვე. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ მათ ჰყავთ მეგობრების წრე, რომელიც ეხმარება, ლოცულობს, ან აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ასეთ რთულ სიტუაციაში დაეხმაროს", — აცხადებს ანდერსონი, — "რაოდენ საამაყოა, როცა ვაცნობიერებთ, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნის შემთხვევაში მარტო არ ვართ".

ანჰემს საკუთარ ფერმაში, როგორც წესი, ხორბალი და რაფსი მოჰყავს, მეზობლებმა კი იცოდნენ, რომ თუ ოჯახი ამ მოსავალს ფერმერის ინფარქტის გამო ვერ აიღებდა, ეს მძიმედ დააწვებოდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას.

"ანჰემებს ყველა იცნობს, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ხალხშიც ყველას უყვარს ისინი. თუმცა, ეს ფერმერების ცხოვრების ერთგვარი წესიცაა. როცა მეზობელს სჭირდება, ეხმარები და სანაცვლოდ არაფერს მოელი", — ამბობს ოჯახის მეგობარი ჯენა ბაინდი.

ხალხში დამკვიდრებული სწორედ ამ დაუწერელი წესის გამო, მეზობლებს დრო არ დაუკარგავთ. ანჰემის ფერმაში 11 კომბაინი, 6 მარცვლეულის მანქანა და 15 სატვირთო შეიყვანეს, რათა საქმე დროულად მოესწროთ.

"რამდენიმე ფერმერს ველაპარაკე, მათ მანქანები ვთხოვე, თუმცა შემდეგ ხალხმა დაიწყო დარეკვა და მთელი რაიონიდან შემოგვთავაზეს მანქანები და მუშები", — ამბობს ბაინდი.

ამ გულისამაჩუყებელი ამბის შემდეგ, ანდერსონი ფეისბუქზე წერს:

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი! ეს ძველი გამოთქმა ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციის შეეფერება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს — მოსავლის აღება და მეგობრების დახმარება. ბარაქალა ყველას, ვინც დღეს დაგვეხმარა".

ანჰემი კი, ხანგრძლივი მკურნალობის კურსის მიუხედავად, გამოჯანმრთელების გზას ადგას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი გულისამაჩუყებელი ამბავი რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც მოხდა. ოჯახს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, თანასოფლელებმა მოსავლის შესანარჩუნებლად ნაკვეთი გაუთოხნეს.