როგორ ჩამოვაყალიბოთ სტარტაპი? — ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა გუგლს დავუსვით. პასუხმაც არ დააყოვნა — პირველივე ჯერზე გუგლმა 7-პუნქტიანი გეგმა შემოგვთავაზა: "შექმენი ბიზნეს გეგმა; იყავი ფინანსებით უზრუნველყოფილი; შემოიკრიბე გარშემო სწორი ადამიანები; იპოვე შენი ადგილი და შექმენი ვებგვერდი; გახდი მარკეტინგის ექსპერტი; ჩამოაყალიბე მომხმარებელთა ბაზა და მზად იყავი ყველაფრისათვის!" — მარტივია, ხომ? — არა!

ცხადია, წარმატებული სტარტაპის შექმნა არც ისეთი იოლია, რომ ყველა ეტაპი და მათი თანმდევი ბარიერები ერთ აბზაცში ჩაეტიოს. სწორედ ამიტომ არსებობენ კომპანიები, ეგრეთ წოდებული აქსელერატორები, რომლებიც ახალდაბადებულ სტარტაპებს ჯერ ნაბიჯების გადადგმას, შემდეგ კი — ბიზნესის უკიდეგანო ოკეანეში თავისუფლად ცურვას ასწავლიან.

აქსელერატორები სტარტაპებს საშუალებას აძლევენ, განავითარონ თავიანთი პროდუქტი, დახვეწონ ბიზნესმოდელი და, რაც მთავარია, იპოვონ ინვესტორები. ასეთი კომპანიაა 500 Startups, მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი, რომელიც წელს საქართველოს ბანკის ჯგუფისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით ჩვენი ქვეყნის ბაზარზე შემოვიდა.

500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში უკვე არაერთი კომპანია ჩაერთო, მეორე ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია კი 20 ოქტომბრამდე გრძელდება. აქსელერაციის ორივე ნაკადის საუკეთესო 10 სტარტაპიდან 2 რჩეული ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე — მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გლობალურ ცენტრში — წარუდგენს.

და მაინც, რა შესაძლებლობებისკენ ხსნის გზას 500 Startups? — ამ საკითხზე აქსელერაციის პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, Phubber-ს, Stack-სა და Racoon.World-ს ვესაუბრეთ.

Phubber — აპლიკაცია უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლისთვის

ვინტაჟური ნივთები, მაღალი მოდის ბრენდები, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები — ეს Phubber-ია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თავის მოვლის პროდუქტების ქართული პლატფორმა — ერთდროულად ონლაინ მაღაზიისა და სოციალური ქსელის კონცეფციით. Phubber-ის უნიკალურობაზე ადრე უკვე მოგიყევით, ახლა კი იმ წარმატებაზე მოგითხრობთ, რომელიც მას 500 Georgia-ში მონაწილეობამ მოუტანა.

გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამამ, პირველ რიგში, დიდი ცოდნა შესძინა. სხვადასხვა მიმართულების მენტორებმა გაყიდვების, ტექნოლოგიების, ანალიტიკისა თუ სხვა კუთხით სწორი რჩევები მისცეს და ასწავლეს, როგორ განევითარებინათ ბიზნესი.

"მთავარი, რაც აქსელერაციის პროცესში ვისწავლეთ იყო ის, რომ გავიაზრეთ, იმაზე რამდენად მეტი გვქონია ჯერ კიდევ გასაკეთებელი, ვიდრე გვეგონა; ხოლო ის მიმართულებები, რომელიც გვეგონა, რომ დალაგებული იყო, აღმოჩნდა, რომ საერთოდაც არ ყოფილა წესრიგში", — გვიმხელს გიორგი და ამბობს, რომ პროგრამამ მათ ახლა უფრო მეტი ამბიცია გაუჩინა, რადგან სტარტაპს უკეთესად მართავენ.

"ახლა უკვე მეტი კონცენტრაცია და აქცენტი გვაქვს გადატანილი მომხმარებლებზე — სწორედ ესაა პროგრამის ფუნდამენტი", — ამბობს ის.

პროგრესი და ინვესტიციები

გიორგი აღნიშნავს, რომ Phubber-მა წინსვლა და პროგრესი ორი ძირითადი მიმართულებით შეძლო: "პირველი, რა თქმა უნდა, თვითონ Phubber-ის ცნობადობის ამაღლებაა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ აქტივობის გამო, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და რამაც ჩვენი ცნობადობა გაზარდა, რადგან ეს ყველაფერი ახალ მომხმარებლებში გადაიზარდა, ჩვენც უფრო გავიზარდეთ და მიზნების მიღწევა კიდევ უფრო გაგვიმარტივდა", — ამბობს გიორგი.

მეორე კი ფინანსური მხარეა. მისი თქმით, ყოველდღიურად გრძნობენ, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი სტარტაპის მიმართ, შესაბამისად, ინვესტორების მხრიდან სხვადასხვა შემოთავაზებასაც იღებენ. "500 Startups-ის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი პოტენციური ინვესტორი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ვართ 500 Georgia-ს ფინალისტი კომპანია, ხვდება, Phubber-ში დაბანდება ნაკლებად რისკიანი ინვესტიცია იქნება", — დასძენს ის.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ამგვარად, Phubber-ის უნიკალურობა Whatsapp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და მეწილემ, იუჟინ ფუქსმანმა, შენიშნა და სტარტაპში ინვესტიცია განახორციელა. Phubber-მა 700 000 ლარი მოიზიდა.

გიორგი გვიყვება, რომ იუჟინ ფუქსმანს ის ჯერ კიდევ თებერვალში, აშშ-ში, სილიკონის ველზე, USAID-ის დახმარებით მოწყობილ ვიზიტზე შეხვდა და მასთან აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნა. 500 Startups-ის პროგრამამ კი ფუქსმანს დამატებითი კომფორტი შეუქმნა იმისათვის, რომ Phubber-ში ინვესტიცია განეხორციელებინა. "ეს ინვესტიცია ჩვენთვის დიდი დახმარებაა ტექნიკური კუთხით. გარდა ამისა, წვდომა გვექნება საუკეთესო გამოცდილებაზე, რომელიც გამოყენებული იყო Whatsapp-ში, როგორც დამოუკიდებლად, ისე შემდგომში, ფეისბუქის ჯგუფის წევრი კომპანიის სახით. ასევე, რა თქმა უნდა, ეს დაფინანსება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და მოვახერხოთ სხვა ბაზრებზე გასვლა", — გვიყვება გიორგი.

აქსელერაცია — სწრაფი ტემპებით წარმატებისკენ

გიორგის თქმით, აქსელერაციის პროგრამა არა მხოლოდ კონკრეტული სტარტაპების განვითარებისთვისაა კარგი, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც გააჯანსაღებს. "500 Startups-ის პროგრამაში რამდენიმე უცხოური კომპანიაცაა ჩართული და ვხედავ, როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ისინი აფასებენ კერძო სექტორის ჩართულობას სტარტაპების განვითარებაში. ამის მაგალითებია საქართველოს ბანკის ჯგუფი და GITA. ამგვარად, ძალიან კარგი პროგრამა გამოვიდა. ვიტყოდი, რომ, როგორც თეორიულადაა უნაკლო პროგრამა, ასევე გამორჩეულია საიმიჯო კუთხითაც — ქვეყნისთვის და სტარტაპების ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვისაც", — აღნიშნავს ის.

აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ Phubber-ის გუნდმა ძირითადი აქცენტი ახალი მომხმარებლების შეძენასა და ბრენდის ზრდაზე გააკეთა. გიორგის თქმით, მენტორების მიერ გაზიარებული რჩევების დახმარებით ეს მონაცემები სამჯერ გაუმჯობესდა. დღევანდელი მოცემულობით ფაბერს, დაახლოებით, 70 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო პლატფორმაზე 100 000-ზე მეტი ნივთია განთავსებული გასაყიდად, რაც მას ოფიციალურად აქცევს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიად. რაც მთავარია, უსაზღვრო შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინაა.

"ფაბერი არ შექმნილა მხოლოდ საქართველოსთვის. მისი იდეაა, რომ გახდეს რეგიონალური და საერთაშორისო პლატფორმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვაჭრობისათვის. პირველი მიზნობრივი ბაზრები ახლო რეგიონები იქნება, პოსტსაბჭოთა სივრციდან, შემდეგ კი გადავინაცვლებთ აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში, ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებშიც", — ამბობს გიორგი.

ფოტო: Stack

Stack — ქართული ბრაუზერი "სმარტ" შესაძლებლობებით

თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როცა ბრაუზერი გახსნილი ფანჯრებით ისეა გადაჭედილი, რომ ახლის გასახსნელად + ნიშანს ძლივს პოულობთ, ერთი ვებგვერდიდან მეორეზე გადასვლისას კი ყველაფერი ჭედავს, თეთრდება, ქრება. ამას დამატებული სხვადასხვა აქტიური აპლიკაცია ხომ სრულ ქაოსს ქმნის. (ყოველ შემთხვევაში, სტატიის ავტორი ამ წუთას სწორედ ასეთ სცენარშია). ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა Stack — ჭკვიანი ბრაუზერი მეტი სიმარტივისთვის. აქ stack-ებში (დასტებში) ხარისხდება სხვადასხვა აპლიკაცია, რაც ინტერნეტში მუშაობის სრულიად ახლებურ გამოცდილებას აყალიბებს.

Stack-ის უნარებზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა, ამჯერად იმაზე შევჩერდებით, თუ როგორ მოახერხა სტარტაპმა 500 Georgia-ს დახმარებით განვითარება და მრავალათასიანი ინვესტიციების მოზიდვა.

ფოტო: Stack

ცვლილებები უკეთესობისთვის

გიორგი ლალიაშვილი, Stack-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ 500 Georgia-ს დახმარებით ისწავლეს, რა გზას გადის მომხმარებელი სტარტაპის გაგებიდან მისი პროდუქტის შეძენამდე და როგორ შეიძლება ეს გზა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მოკლე გახდეს. გარდა ამისა, მენტორების დახმარებით შეიტყვეს, როგორ მართონ გუნდი თუ ფინანსები ეფექტიანად და როგორ მისწვდნენ უფრო მეტ მომხმარებელს.

"500 Georgia-ში მოხვედრიდან დღემდე რადიკალურად შევცვალეთ ის ანალიტიკური მიდგომები, რომლითაც ჩვენს წარმატებას ვითვლიდით. შედეგად, მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდებიც შეიცვალა — თუკი მანამდე მხოლოდ ლაივ ჩატი გვქონდა, ახლა ჩატბოტები და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაც დავამატეთ.

გიორგი აღნიშნავს, რომ 500 Georgia-ში მოხვედრა იყო ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ მათ ახლახან $850 000-ის ინვესტიცია მოიზიდეს. "500 San Francisco-მ სწორედ 500 Georgia-დან გაიგო ჩვენ შესახებ და $150 000-ით დაგვაფინანსა. შემდეგ კი დიდმა ჰოლანდიურმა ვენჩურულმა ფონდმა გაგვიცნო და Stack-ში $300 000-ის ინვესტიცია ჩადო. ასე: ამას შემდგომში მოჰყვა სხვა მცირე ზომის Angel Investor-ებისგან დაფინანსება, თუმცა პირველი მაინც 500 Georgia იყო", — ამბობს ის.

500 Georgia-ს დახმარებით სტარტაპი ახლა უფრო სწრაფ ზრდაზეა ორიენტირებული. გიორგის თქმით, აღნიშნული თანხა დათვლად მიზნებს მოხმარდება, რომელსაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწევენ.

გამოცდილება, დროულობა და განვითარება

ფოტო: საქართველოს ბანკი

გიორგი ლალიაშვილი გვიყვება, რომ Stack-ს რამდენიმე აქსელერაციის პროგრამა აქვს გავლილი, თუმცა 500 Startups საუკეთესო ხარისხის პროგრამაა — დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მენტორებით, რომელთაც თავად გაუვლიათ ის გზა, რასაც ასწავლიან.

"პროგრამა კარგად ორგანიზებულია, მისი თითოეული ეტაპი ზუსტად ემთხვევა დროში სტარტაპის საჭიროებას. მაგალითად, იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ფასიან მარკეტინგზე დავიწყეთ ექსპერიმენტები, სწორედ ამ დროს ჩაგვიტარდა ლექციები ამავე თემაზე. ეს კი ძალიან დაგვეხმარა. სხვა სტარტაპებისთვისაც პროგრამა იმ პერიოდის მათ საჭიროებებზე იყო მორგებული", — ამბობს გიორგი.

აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ Stack-ის მომხმარებლების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, გაყიდვები კი — 10-ჯერ. გარდა ამისა, სტარტაპმა სრულიად ახალი და დამოუკიდებელი მართვის სისტემები შეიმუშავა. "ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში წარმადობა გაზრდილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ აქამდე ჩვენი გუნდის შვიდი წევრი ყველანაირ საქმეს აკეთებდა, ახლა რაღაცები ავტომატურად ხდება. ეს შესაბამისი სისტემების დანერგვის შედეგია — გუნდის წევრებს უკვე შეუძლიათ თავიანთ სპეციალიზაციას მეტი ყურადღება მიაქციონ. მაგალითისთვის, ახლა სამი ადამიანი Customer Support-ში დღის ნაწილს აღარ ატარებს, რადგან ამ საქმეს ჩატბოტები აგვარებენ", — გვიყვება გიორგი.

გუნდის წევრებს ამბიცია აქვთ, შექმნან საერთაშორისო პროდუქტი — Stack და იგი გახდეს პროგრამა, რომელსაც ყველა საკუთარ კომპიუტერზე დააყენებს. "ვფიქრობთ, რომ 2-3 წელიწადში ვიქნებით Unicorn (1-მილიარდიანი) კომპანია, რომელსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეყოლება. აქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ შორი გზაა, მაგრამ ბოლო თვეებში იმდენად კარგი პარტნიორები შევიძინეთ, რომ გვჯერა, ყველაფერი გამოგვივა", — ამბობს გიორგი.

გიორგის თქმით, 500 Startups-ის საქართველოთი დაინტერესება, მისი მსოფლიო რეპუტაციიდან გამომდინარე, ბაზრის სხვა მოთამაშეებშიც გააჩენს ინტერესს. "გარდა ამისა, სტარტაპები მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და საქართველოდან დაიწყეს ბიზნეს-საქმიანობა. მათ დაინახეს, რომ საერთაშორისო ბიზნესის კეთება ჩვენი ქვეყნიდან ბევრად უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, ესეც ძალიან დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერებისათვის", — დასძენს იგი.

ფოტო: Raccoon World

Raccoon.Recovery Light — აპლიკაცია ფიზიოთერაპიის დისტანციური სესიებისთვის

ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ — სამყაროში, სადაც დისტანცირება უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია. ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად, ეპიდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობის ინტენსივობას უკლებს, ადამიანები კი, რომელთა კეთილდღეობა ფიზიოთერაპიაზეა დამოკიდებული, გამოჯანმრთელების ტემპების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

სარეაბილიტაციო პროცედურების დისტანციურად შესრულებასა და დარგის სპეციალისტების მიერ პაციენტის დინამიკის კონტროლის საშუალებას იძლევა აპლიკაცია Raccoon.Recovery Light, რომელიც 500 Georgia-ში ჩართული ერთ-ერთი სტარტაპის Raccoon Technologies-ის ახალი პროდუქტია. თამაშის პრინციპზე აგებული მეთოდებით, საშინაო სავარჯიშოებით, ავტომატიზებული ტესტებით, დისტანციური მონიტორინგის, მესენჯერისა და ვიდეოზარის ფუნქციით პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი, აპლიკაციის დახმარებით, სახალისო და ეფექტიანი ხდება.

რა ისწავლეს 500 Georgia-სგან?

ფოტო: Raccoon

მთავარი, რაც 500 Georgia-მ Raccoon-ს ასწავლა ისაა, რომ გონების იერიში, ტესტირება და ექსპერიმენტები მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, წარმატებული პროდუქტის შექმნის მთავარი განსაზღვრელი ფაქტორებია. აქსელერაციის პროგრამამ სტარტაპის ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის განვითარების გუნდები ერთმანეთთან დააკავშირა. "უფრო ჰოლისტურად დავიწყეთ ფიქრი. მომხმარებელთა ინტერვიუები კი სამომავლოდ დასამატებელი ფუნქციების მოფიქრებაში დაგვეხმარა. ვისწავლეთ, რომ იმ დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინება, რასაც მომხმარებლები პროდუქტის გამოყენებისას აწყდებიან, სამომავლოდ ზრდაში დაგვეხმარება", — გვიყვება სტარტაპის გენერალური დირექტორი, სვიტლანა მალოვანა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ 500 Georgia-ში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო იყო მსოფლიო დონის ექსპერტებთან თანამშრომლობის, კორპორაციებთან მუშაობისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით.

"500 Georgia-ს მენტორების დახმარებით მოვახერხეთ გაყიდვების კომუნიკაციის ავტომატიზება, გავაუმჯობესეთ UX მიმართულება და დავნერგეთ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის სისტემა. ყველა ეს ცვლილება მეტი ახალი მომხმარებლის მოზიდვასა და უფასო გამოწერებიდან ფასიან გამოწერებში გადაიზარდა", — ამბობს სვიტლანა.

სტარტაპმა ახლახან 625 ათასი ევროს ინვესტიცია მოიზიდა. ეს კერძო საინვესტიციო ფონდის Quarter Partners-ის დაფინანსების მეორე ეტაპია. ჯამში კი Raccoon-მა 900 ათასი ევროს მოზიდვა შეძლო.

რა იქნება მომავალში?

ფოტო: საქართველოს ბანკი

მომავალში Raccoon გეგმავს, ახალი ფინანსები არსებული ბაზრების გაძლიერებისა და ახალ სივრცეებში თავის დამკვიდრებისთვის გამოიყენოს. ასევე, თანხას ახალი ფუნქციების შექმნისა და დამატებითი კლინიკური ტესტირებების ჩასატარებლად გამოყოფენ.

"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ნევროლოგიური დაავადებებისა და სხვადასხვა დაზიანების მქონე ადამიანებს; მივცეთ მათ წვდომა რეაბილიტაციაზე და ეს პროცესი იყოს სწრაფი და ჭკვიანური. გვსურს, უფრო მეტ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანს დავეხმაროთ და მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გავაუმჯობესოთ", — აცხადებს სვიტლანა.

Raccoon ამჟამად აქცენტს ევროპულ, აზიურ და აფრიკულ ქვეყნებზე აკეთებს. როგორც ამბობენ, ეს მათი გაფართოების პირველი ნაბიჯებია. "გარდა ამისა, ჩვენ სისტემას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს დავამატებთ, რაც თერაპევტებს პაციენტებზე უფრო მეტად მორგებული კურსების შექმნასა და მკურნალობის ხანგრძლივობის პროგნოზირებაში დაეხმარება", — ამბობს სტარტაპის დირექტორი.

როგორც სვეტლანა გვიყვება, მისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მსოფლიო დონის აქსელერატორი საქართველოში შემოვიდა და ადგილობრივ სტარტაპ-საზოგადოებას ცოდნა გაუზიარა. "ამგვარი პროგრამები მეწარმეობას აძლიერებს და სტარტაპებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ეფექტურად განვითარდნენ. მიხარია, რომ ვართ 500 Startups-ის მონაწილე და ვაფასებთ საქმისადმი ერთგული მენტორების საოცარ შრომას, რომელიც ჩვენი სტარტაპის ზრდაში დაგვეხმარა", — აღნიშნავს სვიტლანა.


500 Georgia-ში მონაწილე კიდევ ორმა კომპანიამ სოლიდური ინვესტიცია მოიპოვა. ციფრულმა ლოგისტიკურმა სტარტაპმა Cargon $300 000-ის, ხოლო ონლაინ გაყიდვების ზრდის პლატფორმამ Nextsale $500 000-ის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ჯამში, აქსელერაციის პროგრამის დაწყებიდან 3 თვეში, მასში ჩართულმა სტარტაპებმა 3 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს.