თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებაში ისევ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს "მთელი გულით" მხარდაჭერას ჰპირდება. მათი პოზიცია ოფიციალურმა პირებმა დღეს არაერთხელ გააჟღერეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

მათი განცხადებით, სომხეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის გამოც გმობენ მათ საქციელს. მათივე თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის რეგიონში მშვიდობის მთავარი მოწინააღმდეგე.

გაიგეთ მეტი:

ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის გამო სომხეთმა სამხედრო მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოაცხადა, აზერბაიჯანში კი ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს. როგორც ოფიციალური უწყება განმარტავს, ამის მიზეზი "სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციების" არიდებაა.

სომხეთის პრემიერმინისტრის, პაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ ეს პასუხი იყო დაბომბვაზე, რომელსაც მოქალაქეები შეეწირნენ. BBC-ის ინფორმაციით, ჩამოდგებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. ვრცელდება ინფორმაცია მსვერპლზეც, თუმცა მონაცემები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

ყარაბაღსა და სომხეთში სამხედრო მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოცხადდა. რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, თვითაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუტიუნიანმა განაცხადა, რომ 18 წელზე მეტი ასაკის კაცები ჯარში უნდა გამოცხადდნენ. ის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანსა და მის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აკისრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი და მოლაპარაკებები დაიწყონ. მოკლე განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორივე მხარე ინტენსიურ ცეცხლს აწამოებს და ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებზე, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამწვავდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიასთან დაკავშირებით უკვე 40 წელია, დავობენ.

გაიგეთ მეტი: