მარნეულში პარტია ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, მათ ერთ-ერთ აქტივისტ რამილ აბდულაევს ფეხში ტირის თოფიდან მაშინ ესროლეს, როცა ის ბოძზე ბანერს ამაგრებდა.

"ბოძზე როცა ამაგრებდნენ ბანერს, მოვიდნენ მერის წარმომადგენლები და დაიწყეს დაშინებები და მუქარები. ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ბანერი აქ იყოსო. რამილი ბანერს ამაგრებდა, როცა ფეხზე ძალიან დიდი ტკივილი იგრძნო. ძირს ჩავარდებოდა, ბიჭებს რომ არ დაეჭირათ. მერე ქვემოთ იპოვეს ტირის ტყვია რომ ეგდო", — განაცხადა იმამკულიევმა.

მისივე თქმით, ამჟამად ბანერი ადგილზე დგას, თუმცა On.ge-სთან საუბარში იმამკულიევი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან.

ქართული ოცნების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ხვალ, 29 სექტემბერს გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სოფელ სადახლოში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.