საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. მისი თქმით, იგი ამოწურვადია და იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატება ახლაც გაიმეორონ, საჭიროა ყველას ერთობლივი მუშაობა.

"ამისთვის, ამ სამმა კომპონენტმა [უნდა] იმუშაოს ერთად — მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას", — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები" უნდა შემოიღონ.

"ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ", — აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, ნებისმიერ რესურსს, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ და დაიცვან წესები.

"შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები — პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით, აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის", — განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს მედიკოსთა რეაგირება, სხვადასხვა დაწესებულებამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, განახორციელოს თერმოსკრინინგი და უზრუნველყოს კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე.