C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის ჰარვი ალტერმა, მაიკლ ჰოუტონმა და ჩარლზ რაისმა ერთობლივად აიღეს ნობელის პრემია მედიცინის დარგში.

ნობელის ასამბლეამ CNN-ს განუცხადა, რომ ამ სამმა მეცნიერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს დედამიწის გარშემო 71 მილიონი ადამიანი არის დაინფიცირებული C ჰეპატიტით. ქრონიკულად დაინფიცირებულთა დიდ ნაწილს კი დროთა განმავლობაში ციროზი და ღვიძლის კიბო უვითარდება.

ნობელის ასამბლეის ხელმძღვანელი, ტომას პერლმენი იხსენებს, რომ გამარჯვებულებთან დაკავშირება გაუჭირდა.

"მათი გაღვიძება მომიწია და როდესაც გავესაუბრე, გაოცებულები დარჩნენ. ამ ზარს ნამდვილად არ ელოდნენ. ხმას ვეღარ იღებდნენ. საბოლოოდ, სახალისო საუბარი გამოგვივიდა", – თქვა პერლმენმა განცხადების გაკეთების შემდეგ.

კონკიას ზღაპარი

კონკიას ზღაპარი თანამედროვე მედიცინაში - ასე შეაფასეს C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენა.

1960-იან წლებში მედიცინას დიდი თავსატეხი გაუჩნდა, როდესაც სისხლის გადასხმის შემდეგ უამრავ ადამიანს უცნობი ინფექციური აგენტის მოქმედების შედეგად ქრონიკული ჰეპატიტი განუვითარდა.

ამერიკელმა მეცნიერმა ალტერმა გამოიკვლია, რომ დაინფიცირებული პაციენტების სისხლიდან ამ დაავადებას შიმპანზეების სისხლში შეეძლო გადასვლა. ეს დაავადება ცნობილი გახდა როგორც "არც A, არც B" ჰეპატიტი.

ჰიუტონმა - ბრიტანელმა მეცნიერმა, რომელიც ამჟამად ალბერტას უნივერსიტეტში, მუშაობს 1980 წელს Chiron Corporation-ში მუშაობისას გამოიყენა ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის იზოლაციისთვის ახალი მეთოდი გამოიყენა.

რაისმა, რომელიც როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარია, დაამტკიცა, რომ სწორედ ეს ცალკე აღებული ვირუსი იწვევდა დაავადებას.

ამ სამეულის აღმოჩენებზე დაყრდნობით დღეს უკვე არსებობს მაღალი მგრძნობელობის მქონე სისხლის ტესტები C ჰეპატიტისთვის. ამ კვლევებმა ასევე გზა გაუხსნა ანტივირუსული პრეპარატების განვითარებას C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

მიუხედავად ტესტებისა და პრეპარატების არსებობისა, ყოველწლიურად C ჰეპატიტით 400 000 ადამიანი იღუპება. გლობალური ჯანდაცვის კლინიკური კონსულტანტის, კლერ ბეინტუნის განცხადებით, "ეს იმაზე მიანიშნებს, რომ COVID-19-ის დამარცხებისთვის მხოლოდ ვაქცინები და პრეპარატები საკმარისი შეიძლება არ იყოს"

ნობელის პრემია — მათთვის, ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს

ალფრედ ნობელის, დინამიტის გამომგონებლის მიერ 1895 წელს შექმნილი ფონდი იმ ადამიანებს აჯილდოებს, რომლებიც კაცობრიობას ემსახურებიან. დღეს ნობელის პრემია გაიცემა ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ეკონომიკის მეცნიერების დარგებში. 1901 წლიდან 2019 წლამდე 600-მდე პრემიაა გაცემული.

ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ლიტერატურის დარგში ნობელის მედალს ერთი და იგივე წარწერა აქვს: "Inventas vitam juvat excoluisse per artes," რაც ითარგმნება, როგორც "და მათ თავიანთი ოსტატობით დედამიწაზე სიცოცხლე გააუმჯობესეს".