დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია. ამის შესახებ გიგიაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", — აცხადებს გიგიაძე.

პროკურატურაში განცხადებით, საზღვრის საკითხზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტები საზღვრის შეთანხმებისას აიგნორებდნენ რელევანტურ დოკუმენტაციას და საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი, ასევე, კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებისა და ექსპერტიზების დასკვნის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.