პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების გასაპროტესტებლად.

აქციაზე მყოფმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ დაკავებულები სისტემის მსხვერპლები არიან.

"მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ამ ორ მორიგ სისტემის მსხვერპლს და არავინ არ იფიქროს, რომ ბინძური პოლიტიკური თამაშების გამო ვინმე დააჩაგვრინებს წესიერ მოქალაქეებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის წინასაარჩევნო ბინძური თამაში. ასევე, არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ აქ არის კონკრეტულად რუსეთის ინტერესი. რუსეთი მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს დავით გარეჯთან დაკავშირებით", — აცხადებს ელენე ხოშტარია.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს.

მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია. ორივეს მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარედებას მოითხოვს.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელ ქვეყანას 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.