ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დანიის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადებით დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები უხეშად დაირღვა.

"მე არ ვიცი ეს, ალბათ, გადასამოწმებელია, მაგრამ, როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მინიმუმ უნდა იყოს ჯერ მისი მხრიდან ფაქტები გადამოწმებული და მეორე კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა, აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები", — განაცხადა კობახიძემ.

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ გუშინ, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტები საზღვრის შეთანხმებისას აიგნორებდნენ რელევანტურ დოკუმენტაციას და საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.