ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულების დაკავებაზე განაცხადა, რომ ეს ბრალდებები პოსტ-საბჭოთა ამბავს აგონებს.

"ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას, მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებსაც, რომ გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე. 2007 წლის საკითხების წამოწევა და ორი ცნობილი ექსპერტის ციხეში ჩასმა დაუჯერებელია. მაგონებს ჩვენს შემთხვევებსაც, როდესაც მმართველი პარტია 10-20 წლის საქმეების წამოწევას ცდილობს. მათ პოლიტიკურ არქეოლოგებს ვუწოდებ", — განაცხადა კუბილიუსმა ფორმულას ეთერში.

კუბილიუსმა, ასევე მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ საარჩევნო კამპანიას ძველი მეთოდებით ჩრდილი არ მიაყენოს.

"ვეტყოდი ქართულ ოცნებას, რომ ჩრდილს ნუ მიაყენებენ საარჩევნო კამპანიას ძველი მეთოდებით და შეეცადოს აჩვენოს, რომ საქართველო მოწიფული დემოკრატიაა. ჩვენი მსგავსი რეგიონებიდან ვართ და ადვილად შეგვიძლია გამოვიცნოთ რა ხრიკებს იყენებენ მმართველი პარტიები საარჩევნო კამპანიების დროს", — განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

კუბილიუსმა 13 სექტემბერსაც გააკეთა აღნიშნულზე განცხადება. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ეს მაშინ ხდება, როცა ქართული ოცნება ოპოზიციას რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაში ადანაშაულებს.