მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომის მოთხოვნით მწვრთნელებისა და სპორტსმენების ნაწილი სხდომაზე შევიდა და მას წყალი და ბოთლები ესროლა.

დაპირისპირების კადრები რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასტუმროს, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, კვერცხებიც დაუშინეს.

"ყველაფერს გვართმევს. გამგეობაში ნიშნავს ისეთ ხალხს, ვინც ამას ხელს მოუწერს. გეუბნება წადი სასამართლოში. რომელიც ძალიან დიდხნიანი პროცედურაა. რომ ჰკითხო, კანონით სულ მართალია", — ამბობს ბესი ლეკიაშვილი, საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელი.

სექტემბრის დასაწყისში მწვრთნებელმა განაცხადეს, რომ სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწულებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს.

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გენადი კვიკვინია ამბობდა, რომ პრემიის ნაწილი, რომელიც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სახელმწიფოსგან ერიცხებოდათ, ჯაჭვლიანთან "მეგობრულად" მიჰქონდათ. მისივე განცხადებით, თავიდან, როცა ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილი საკუთარი კეთილი ნებით ჯაჭვლიანისთვის გაეყოთ. ბოლო დროს კი, კვიკვინიას თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის არაფერი გაუკეთებია და კორონავირუსის პერიოდშიც არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობა აქვთ სპორტსმენებს.