საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნები და ბარები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც დაიკეტება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეებმა თბილისიდან მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლეს.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო აჭარაში, იმერეთში, თბილისსა და უკვე მცხეთაში საღამოს ათი საათის შემდეგ რესტორნები და ბარები იკეტება. ამასთან, იკრძალება გასართობი ღონისძიებების გამართვა. გამონაკლისია საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ქეიფების თბილისიდან მცხეთაში გადასვლაზე 19 ოქტომბერს ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.

"სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდსიტუაციაზე. როდესაც დავკეტეთ რესტორნები ეს, ბუნებრივია, დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ამის მიღმა იყო კონკრეტული "ქეისები". ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ", — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 328, გარდაიცვალა — 15.

საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ დღეს დადასტურებული 1 194 შემთხვევიდან თბილისიში გამოვლინდა 425, აჭარაში —193, იმერეთში კი, 372. სხვა რეგიონების მიხევდით გადანაწილება ასეთია:

  • გურია — 21;
  • სამგეგრელო-ზემო სვანეთი — 27;
  • ქვემო ქართლი — 53;
  • შიდა ქართლი — 64,
  • მცხეთა მთიანეთი — 18;
  • კახეთი — 3;
  • რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი — 9;
  • სამცხე ჯავახეთი — 9.

სულ ქვეყანაში 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 158 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 2 862; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1420.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: