პლასტმასის საწოვარა ბოთლის წყალობით, ბავშვის ორგანიზმში, ყოველდღიურად, მიკროპლასტმასას მილიონობით ნაწილაკი ხვდება. აღნიშნულის შესახებ მეცნიერებმა ჟურნალ Nature Food გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრეს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ბოთლების მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაციისა და ხელოვნური რძის მომზადებისას მილიონობით მიკროპლასტმასისა და ტრილიონობით ნანოპლასტმასის ნაწილაკი გამოიყოფა.

ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე არსებული საწოვარების 82% პოლიპროპილენის ბოთლებზე მოდის, რომლის ძირითად ალტერნატივასაც მინა წარმოადგენს. პოლიპროპილენი ყველაზე უფრო დიდი ინტენსივობით გამოყენებული პლასტმასაა. წინასწარი ტესტირებით მკვლევარებმა პლასტმასას ქვაბებსა და საკვების შესანახ კონტეინერებში მილიონობით მირკოპლასტმასას ნაწილაკის გამოყოფა აღწერეს.

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენი საცხოვრებელი და ყოველდღიური გარემო მიკროპლასტმასით არის დაბინძურებული, განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, ეს კვლევა ცალსახად გვიჩვენებს, რომ საკვების პლასტმასის კონტეინერში მომზადების შემთხვევაში გამოყოფილი მიკროპლასტმასის რაოდენობა ათასჯერ უფრო დიდია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

აღნიშნული მიკრონაწილაკების ორგანიზმზე გავლენის შესახებ მეცნიერთათვის ბევრი რამ არის ცნობილი, რის გამოც ისინი აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე ყურადღება დაუყოვნებლივ უნდა გამახვილდეს. მით უფრო მაშინ, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა პლასტმასას გამოყოფის შემამცირებელი სტერილიზაციის გაიდლაინიც.

პროფესორი ჯონ ბოლანდი, კვლევის ავტორი დუბლინის სამების კოლეჯიდან, აღნიშნავს, რომ მიღებული შედეგებით მეცნიერებიც შეძრწუნებულნი დარჩნენ.

გასულ წელს ჩატარებულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანი დღეში საშუალოდ მიკროპლასტმასას 300-დან 600-მდე ნაწილაკს მოიხმარდა. ჩვენს მიგნებაში ეს საშუალო მაჩვენებელი მილიონს ან მილიონებს აღწევს. პროფესორი ჯონ ბოლანდი

ჯონ ბოლანდი, კვლევის ავტორი

მისი სიტყვებით, მკვლევრები აღნიშნულ საკითხს უფრო ჩაუღრმავდნენ და ისისნი ახლა იმის გაგებას ცდილობენ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამ უმცირეს ნაწილაკებს ჩვენს ორგანიზმზე. როგორც ბოლანდი აღნიშნავს, ამ მიკროპლასტმასის ნაწილაკების უმეტესობა მარტივად, განავლის სახით გამოიყოფა, მაგრამ შემდგომმა კვლევამ უნდა გამოკვეთოს, თუ მათი რა რაოდენობა შეიწოვება ნაწლავების მიერ. ამ გზით, მიკროპლასტმასა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება, საიდანაც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში გადაიტყორცნება.

კვლევის ავტორთა შემართებას იზიარებს ფილიპ შვაბლიც, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარი (მას კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია).

"ეს მიგნება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. მიკროპლასტმასით დაბინძურების აქ აღწერილი დონე საგანგაშოდ კი ჟღერს, მაგრამ ბავშვზე მისი გავლენის რეალური სურათის დასანახად შემდგომი კვლევებია საჭირო", — აღნიშნა მან.

მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური (RMIT) უნივერსიტეტის პროფესორი, ოლივერ ჯონსი მიუთითებს, რომ ბავშვებში მიკროპლასტმასით კონტამინაციის მაჩვენებლები რეალურად მიახლოებითი იყო და არა ზუსტი.

ჩვენ მშობლებს პლასტმასის საწოვარას გამოყენების გამო თავი დამნაშავედ არ უნდა ვაგრძნობინოთ. კვლევა ნათელს ხდის, რომ მიკროპლასტმასის პრობლემა რეალურად უფრო დიდიa, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა

ოლივერ ჯონსი, RMIT-ის პროფესორი.

აღნიშნული კვლევა ერთობ შემთხვევითი აღმოჩენიდან დაიწყო. ფილტრებზე მომუშავე ერთ-ერთმა მკვლევარმა შეამჩია, რომ ისინი მიკროპლასტამასას ნაწილებით გამუდმებით იჭედებოდა. ამის მიზეზი კი ლაბორატორიაში გამოყენებული პოლიპროპილენის შემცველი აღჭურვილობა გახლდათ.

მიკროპლასტმასის ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შესახებ ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი. როგორც კვლევები მიუთითებდა, იგი ორგაზნიმში საკვების, წყლის და ჰაერის დახმარებითაც კი აღწევდა. უფრო კონკრეტულად: მიკროპლასტმასა გამოიყოფა პლასტმასას ფუძეზე დამზადებული ჩაის ერთჯერადი პაკეტებისგან და მისი კონცენტრაცია ასევე მაღალია პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმულ წყალშიც. მეცნიერების ისიც აშინებთ, რომ შესაძლოა, მიკროპლასტმასას პათოგენების ან ქიმიკატების გადატანის უნარი გააჩნდეს.

კვლევის ავტორი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საწოვარას დამატებით გამორეცხვა ხელოვნური რძის მომზადების პროცესში გამოყოფილი მიკროპლასტამას რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. სტერილიზაციის შემდეგ, საწოვარას არა პლასტმასის ჭურჭელში ადუღებული და შემდეგ გაციებული წყლით გამორეცხვა საკმაოდ ეფექტიანია. ასევე სასურველია, თუ ხელოვნური საკვები პლასტმასით თავისუფალ ჭურჭელში მომზადდება, გაგრილდება და მას მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანენ გამორეცხილ საწოვარაში.

"ეს მიკროპლასტმასას რაოდენობას დრამატულად ამცირებს", — აღნიშნავს პროფესორი ჯონ ბოლანდი.

სხვა ალტერნატივა მინის საწოვარას გამოყენებაა, იმისდა მიუხედავად, რომ იგი ბავშვისთვის ხელში დასაჭერად მძიმეა და დავარდნისას ადვილად იმსხვრევა.

მიკროპლასტამა გლობალურ პრობლემასაც წარმოადგენს. მისით მთელი პლანეტაა დაბინძურებული: მოყოლებული არქტიკული თოვლიდან, გაგრძელებული ალპური ნიაგადით და დასრულებული ოკეანის ყველაზე ღრმა უბნებით.

"ჩვენი კლვევა მიუთითებს, რომ მიკროპლასტამსის მნიშვნელოვან წყაროს პლასტმასის პროდუქცია წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოხვედრის გზა ჩვენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა", — აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლივენ სიაო.