საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტელეკომპანია ობიექტის ყოფილი წამყვანი, ბონდო მძინარაშვილი ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. მან ფეისბუქგვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამის დამტკიცებას ცდილობს.

"მოემზადეთ, ბიძიკოებოო!" — სააკაშვილი რომ სიურპრიზებს გვპირდებოდა, იქნებ ეს არის მისი სიურპრიზი?!" — ასე გამოეხმაურა ის ფეისბუქგვერდზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს და მალევე გამოაქვეყნა ახალი პოსტი წარწერით: "ეს არის კარგად დაგეგმილი პოლიტიკური ტერორისტული აქტი სპეციალურად წინასაარჩევნოდ!"

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მძევალი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, მძინარაშვილმა მტკიცება დაიწყო, რომ ბანკის ძარცვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "დასპონსორებულია".

"სააკაშვილის და მისი მკვლელი სექტის დაგეგმილ ტერაქტს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში!" — წერს ის.

მისი აზრით, ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, "ტერორ-სპექტაკლის" მონაწილეა.

"გახსნილი ხელყუმბარა რომ ხელიდან ხელში გადააქვს იმ ავტომატიან ნაცს, მანდ ვერ ვეწევი და მიშველეთ ვინცხამ!" — წერს ის.

მძინარაშვილის მსგავსად, მსგავს რიტორიკას ავრცელებენ პროსახელისუფლებო ტროლგვერდებიც.

ზუგდიდში თავდამსხმელს 6 საათზე მეტია მძევლები ჰყავს აყვანილი. შსს-ს განცხადებით, ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, 14:21 საათზე მიიღეს. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები. შსს-ს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.

თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირი დარჩა შენობაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 15-16 ადამიანი.