საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისა და ტელეკომპანია ობიექტის ყოფილი წამყვანის, ბონდო მძინარაშვილის პოსტი, რომელიც ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ეხებოდა, ფეისბუქმა დეზინფორმაციად მონიშნა. მძინარაშვილი აცხადებდა, რომ შეიარაღებული თავდასხმა "სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი" იყო.

ბონდო მძინარაშვილმა ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც იგი ზუგდიდში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდა. მან რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და ამის დამტკიცებას ცდილობდა.

"მოემზადეთ, ბიძიკოებოო!" — სააკაშვილი რომ სიურპრიზებს გვპირდებოდა, იქნებ ეს არის მისი სიურპრიზი?!" — ასე გამოეხმაურა ის ფეისბუქგვერდზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს და მალევე გამოაქვეყნა ახალი პოსტი წარწერით: "ეს არის კარგად დაგეგმილი პოლიტიკური ტერორისტული აქტი სპეციალურად წინასაარჩევნოდ!" მისი აზრით, ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, "ტერორ-სპექტაკლის" მონაწილეა.

Facebook პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამა გაუშვა. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. ბოლო ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. უწყების ცნობით, ზუგდიდში, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. უწყება არ აკონკრეტებს, რა პირობებით დატოვა თავდამსხმელმა შენობა, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.