პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნაყოფის განვითარების პათოლოგიების გამო — ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. BBC-ის ცნობით, კანონი აბორტზე პოლონეთში ევროპის მასშტაბით ისედაც უმკაცრესი იყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება მის თითქმის სრულ აკრძალვას ნიშნავს. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

უფლებადამცველი ჯგუფები პოლონეთის მთავრობას მოუწოდებდნენ აბორტზე შეზღუდვები არ დაემატებინა.

"სამწუხარო დღე ქალთა უფლებებისთვის", — ასე შეაფასეს მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

1993 წელს მიღებული კანონის გადახედვის შესახებ, რა დროსაც ნაყოფის განვითარების პათოლოგიების დროს აბორტი დაშვებული იყო, სასამართლოს გასულ წელს მმართველი პარტიიდან მიმართეს. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა მოქმედი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული. მედიის თანახმად, თითქმის ყველა ლეგალური აბორტი პოლონეთში ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემის საფუძველზე სრულდება.

გამოკითხვების შედეგად პოლონელების უმრავლესობა კანონის გამკაცრების წინააღმდეგი იყო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მთავრობის ინიციატივას თავიდანავე ეწინააღმდეგებოდნენ.