NASA-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს კონფერენციაზე მთვარის შესახებ მნიშნელოვან აღმოჩენას გააჟღერებდა. ეს იყო აღმოჩენა, რომელიც SOFIA-ს (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) მეშვეობით გაკეთდა.

დღეს გაკეთებული განცხადებით კი გაირკვა, რომ წყალი მთვარეზე იმაზე ხშირია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. მეცნიერებმა მთავრეზე წყლის ყინულების არსებობა პირველად 2018 წელს დაადასტურეს. ახლა კი, ორი ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მთვარის ზედაპირი წყლის მყინვარების უხვ რაოდენობას მალავს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა თუ არა მთვარეზე არსებული წყლის რესურსად გამოყენება, თუმცა მისი შესწავლა მნიშნელოვანია.

ეს ახალი აღმოჩენა NASA-ს მთვარის უკეთ შესწავლასა და ბუნებრივ თანამგზავრზე მისიების განხორციელებაში დაეხმარება. არტემისის პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მთვარეზე 2024 წლისთვის ადამიანებს გაუშვებს და ეს ერთგვარი შესამზადებელი პროცესი იქნება იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ადამიანმა მარსზეც დადგას ფეხი. მთვარის შესწავლა ასევე იმაშიც გვეხმარება, რომ მზის სისტემის შესახებ მეტი რამ გავიგოთ.

SOFIA მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ობსერვატორიაა, იგი თავისი უზარმაზარი ტელესკოპით მზის სისტემაში არსებულ ობიექტებსა და სამყაროს სხვა წერტილებს აკვირდება. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, SOFIA-ს ინფრაწითელ ტალღებზე დაკვირვება და შესაბამისად, ისეთი რაღაცების დანახვა შეუძლია, რისი დაფიქსირებაც ხილულ სინათლეზე შეუძლებელია.