საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მათ შეიძლება, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს "ერთი კვირა" ან "ერთი თვე სდიონ", მაგრამ "ეს პრობლემა არ არის".

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვსდიოთ — ან მეტი ან ნაკლები. ეგ პრობლემა არ არის. გვაცადეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", — განუცხადა გომელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. მათი განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს. მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიამ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ბადრი ესებუა შეიჭრა

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

გაიგეთ მეტი: