ქართული ოცნების მტკიცებით, ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშილი ხელმძღვანელობს.

როგორც ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შტაბის ამოცანაა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მარნეულზე, ბოლნისზე, დმანისზე, ბათუმზე, ზუგდიდსა და გლდანზე.

"გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა", — თქვა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ არჩევნებში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

20 თებერვალს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდებოდა. დღემდე მას საჯაროდ არ უთქვამს, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდებოდა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ის არც მაჟორიტარად იყრის კენჭს და პარტიულ სიაშია.