მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისის ოლქში უწევთ დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც მათი ოპონენტი ხარჯავს. ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი საუბრობს მათივე ყოფილ მაჟორიტარზე, ბიზნესმენ კახა ოქრიაშვილზე, რომელიც ახლა ძალა ერთობაშიას მაჟორიტარია.

"ბოლნისში ჩვენ გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს ნაცმოძრაობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთაში და რამდენიმე ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი", — განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ოქრიაშვილის ხარჯები დეკლარირებული არ არის. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად On.ge ოქრიაშვილთან დაკავშირებას ცდილობს და მის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე 10 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო. ამ პერიოდში პარტიის შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ შემოწირულებებია.

შემოწირულებების რაოდენობით მეორე ადგილზე ლელოა — დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით. მესამე მეოთხე ადგლზე ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი არიან, მეხუთე ადგილზე კი, პატრიოტთა ალიანსი. სულ, დაახლოებით თვენახევარში პარტიებმა თითქმის 23 მილიონი ლარი შემოსავლები მიიღეს.

საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, პარტიების შემოსავლების შესახებ ანგარიში აუდიტის სამსახურმა მოამზადა. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს, თუმცა დოკუმენტში ასახულია მხოლოდ ისინი, რომელთა ხარჯები აღემატება 100 000 ლარს.

გარდა შემოწირულებებისა, ამ პარტიების უმრავლესობა ბიუჯეტიდანაც იღებს შემოსავალს. თუმცა ყველას შემოწირულება ბევრად აღემატება ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს.